ეკატერინე ტიკარაძე - კოვიდინფექციის მართვაში ჩართულ კლინიკებს ყველანაირი აღჭურვილობით უზრუნველვყოფთ, როგორც დღემდე ვაკეთებდით
ეკატერინე ტიკარაძე - კოვიდინფექციის მართვაში ჩართულ კლინიკებს ყველანაირი აღჭურვილობით უზრუნველვყოფთ, როგორც დღემდე ვაკეთებდით

ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში ყველა საავადმყოფოს აღჭურვის მონიტორინგი მიმდინარეობს, რომლებიც კოვიდინფექციის მართვაში არიან ჩართული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,  ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტროს პასუხისმგებლობა აქვს აღებული ყველა იმ კლინიკაზე, რომელსაც ეტაპობრივად ინფექციის მართვაში რთავს.

„შესაბამისად, ამ საავადმყოფოებს პირადი დაცვის საშუალებით უზრუნველვყოფთ. სხვა საავადმყოფოებზე ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა მათ ვალდებულება აქვთ, იზრუნონ საკუთარ თანამშრომლებისა და პაციენტების უსაფრთხოებაზე. ეს არ არის მხოლოდ კოვიდინფექციის შემთხვევაში, ეს არის ზოგადად არსებული მოთხოვნა და სტანდარტი, რომელსაც სამინისტროს გარდა, რეგულირების სააგენტო ყოველ დღე უწევს მონიტორინგს. ჩვენ დავეხმარებით კოვიდინფექციაში ჩართულ კლინიკებს და მათ უზრუნველვყოფთ ყველანაირი აღჭურვილობით, როგორც ამას დღემდე ვაკეთებდით“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

კითხვაზე, რომ ექიმების განცხადებით აღჭურვილობის 10 დღის მარაგია დარჩენილი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მარაგები მუდმივად ცვლადია და შესყიდვების სამსახური მუდმივად ზრუნავს, რომ უწყვეტობა უზრუნველყოფილი იყოს.

„არ ვიცი, საიდან შეიძლება, ექიმები ფლობდნენ ინფორმაციას, რომ დარჩენილია ათი დღის მარაგი. ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღიურ შესყიდვაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ მარაგები მუდმივად ცვლადია, რადგან იცვლება როგორც პაციენტების რაოდენობა, ასევე კოვიდინფექციის მართვაში მონაწილე კლინიკებისა და შესაბამისად, პერსონალის რაოდნეობა. სახელმწიფო და შესყიდვების სამსახური მუდმივ რეჟიმში ზრუნავს იმაზე, რომ იყოს მარაგები და ყველანაირი უწყვეტობა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.