ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდი არის პრევენციული ღონისძიებების გატარება და მოსახლეობის სოციალური დისტანცირების გაზრდა
ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდი არის პრევენციული ღონისძიებების გატარება და მოსახლეობის სოციალური დისტანცირების გაზრდა

ყველა ის ღონისძიება, რომელსაც მთავრობა ატარებს, არის სარეკომენდაციო და პრევენციული ხასიათის ითვალისწინებს იმას, რომ მოხდეს ჩვენი მოსახლეობის სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება და შესაბამისად ჩვენი მოსახლეობის სოციალური დისტანცირება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის საჭიროება ამ ეტაპზე არ არის.

„ყველაზე საუკეთესო მეთოდი, რომ მოხდეს კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლა, არის პრევენციული ღონისძიებების გატარება და სოციალური დისტანცირების გაზრდა ჩვენი მოსახლეობისა, რათა მოხდეს იმ ჯაჭვის გაწყვეტა, რომელიც არის რეალურად გადამდები და გამავრცელებელი ჯაჭვი. აქედან გამომდინარე, ეს ღონისძიებები, რა თქმა უნდა, გამკაცრდება. სამარშრუტო ტაქსების შემცირების ან აკრძალვის გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ დავაკვირდით ჩვენი მოქალაქეების ქცევას და ამ ქვევიდან გამომდინარე გახდა საჭირო, რომ მიგვეღო დამატებითი ზომები.

საგანგებო მდგომარეობის შემოტანას, ამ ეტაპზე არ განვიხილავთ, ვინაიდან ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ვატარებთ არის გარკვეულწილად ისეთი ეფექტური ინსტრუმენტები, რომელიც საჭირო და საკმარისია ამ ყველაფრის განხორციელებისთვის. ვთვლით, რომ საზოგადოების სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების საფუძველზე ჩვენ არ გავხდებით იძულებული და ეს არ გახდება იმის მიზეზი, რომ მივიღოთ საგანგებო მდგომარეობა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, კორონავირუსი იმდენად საშიში და გადამდებია, რომ მის გავრცელებაზე კონტროლის მტკიცე ზომების გარეშე, მსოფლიოში ჯანდაცვის ნებისმიერ სისტემას დაძლევს.