ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსის შემთხვევებთან დაკავშირებით პროგნოზი დამოკიდებულია ჩვენი 3 700 000 მოქალაქის კეთილსინდისიერ ქმედებებზე
ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსის შემთხვევებთან დაკავშირებით პროგნოზი დამოკიდებულია ჩვენი 3 700 000 მოქალაქის კეთილსინდისიერ ქმედებებზე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მომდევნო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებელთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დაიცავენ მოქალაქეები რეკომენდაციებს.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების დამყოლობა და ქცევა. ის, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებენ, არის მხოლოდ პროგნოზი. სწორედ პროგნოზებიდან გამომდინარე, ჩვენ მუდმივ რეჟიმში მოვუწოდებთ მოსახლეობას, დაიცვან სოციალური დისტანცირება და გამოიყენონ ნიღაბი, რაც დღევანდელი მოცემულობით, ყველაზე ეფექტურია პანდემიასთან ბრძოლაში. თუ მოქალაქეების ქცევა იქნება შესაბამისი, ის პროგნოზები, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ საერთაშორისო ინსტრუმენტებზე დაყრდნობით, იქნება ცვალებადი. შესაბამისად, რთულია იმის თქმა, ეს რიცხვი იქნება სამი ათასი, თუ ხუთი ათასი. ჩვენ ვართ სრულად დამოკიდებული 3 700 000 მოქალაქის კეთილსინდისიერ ქმედებებზე. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს გარკვეული ხარვეზები. აქტიურად ვართ ჩართული შესაბამისი მითითებებით და მოვუწოდებთ ყოველდღიურად ჩვენს მოსახლეობას, რომ მეტი ყურადღებით მოეკიდონ ამ ქმედებას. ჩვენ ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომ მოსახლეობას არ შეექმნას არანაირი პრობლემა და მიიღონ ყველა საჭირო დახმარება. პირბადე და სოციალური დისტანცირება ხდება პირველი რიგის ამოცანა. უმკაცრესად უნდა მივუდგეთ ამის გამოყენებას, როგორც შენობებში, ისე შენობების გარეთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.