ეკატერინე ტიკარაძე - კომერციულად ზედმეტად ორიენტირებული კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გავლენ ან სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფებით იხელმძღვანელებენ
ეკატერინე ტიკარაძე - კომერციულად ზედმეტად ორიენტირებული კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გავლენ ან სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფებით იხელმძღვანელებენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან საკმარისი კომუნიკაცია იყო.

ამასთან, მისი თქმით, სამინისტროს მიერ ტარიფები უკვე დაანგარიშებული და დაზუსტებულია.

„ჩვენ რაც დავითვალეთ, დათვლა არის ზუსტი, შესაბამისად თავიდან არაფერს ვითვლით. კომუნიკაცია იყო საკმარისი. მზად ვართ, წარმოვადგინოთ საშვთა სია, რომელიც სამინისტროში იყო დაშვებული ხუთი თვის განმავლობაში, როდესაც ვახორციელებდით კომუნიკაციას ექიმებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ტიკარაძის თქმით, მთავრობა შეინარჩუნებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ისევე უსაფრთხოდ, როგორც აქამდე იყო.

„სახელმწიფოს არც ამ ეტაპზე გააჩნია საკმარისი სახელმწიფო კლინიკა და არც სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ ბაზარი გაჯერდეს მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებით. უბრალოდ იქნება დადგენილი გარკვეული პროპორცია, რათა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, როგორც სოციალური პროექტი უსაფრთხოდ გაგრძელდეს ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენთვის ცნობილია სოციალურად დაუცველთა რა ოდენობაზეა საუბარი, ასევე საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობაზე. ჩვენ, როგორც მთავრობა, შევინარჩუნებთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ისევე უსაფრთხოდ, როგორც ეს წინა შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, კლინიკების ნაწილი ზედმეტად არის ორიენტირებული კომერციულ საკითხებზე.

„არიან კლინიკები, რომლებიც სამედიცინო ჩარევებისას ზედმეტად არიან კომერციულად ორიენტირებული და შესაბამისად, ისინი ან გავლენ პროგრამიდან, ან დარჩებიან და განახორციელებენ შესაბამის მანიპულაციებს სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფებით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.