ეკატერინე ტიკარაძე - სახელმწიფოს მიდგომა არის სერვისებისა და მედპერსონალის ფინანსური პირობების გაუმჯობესებისკენ მიმართული
ეკატერინე ტიკარაძე - სახელმწიფოს მიდგომა არის სერვისებისა და მედპერსონალის ფინანსური პირობების გაუმჯობესებისკენ მიმართული

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკებთან მიმართებაში სახელმწიფოს მიდგომა არის როგორც სერვისების, ასევე მედპერსონალის ფინანსური და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისკენ მიმართული.

ამის შესახებ ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კლინიკებში არსებულ სახელფასო დავალიანებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„თქვენთვის სავარაუდოდ ცნობილი უნდა იყოს, რომ ჰოლდინგში ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს, ონკოლოგიურისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს იურიდიულად გადმოცემა მოხდა მარტში. აქედან გამომდინარე, გვესაჭიროება გარკვეული დრო, რომ დეტალურად შევისწავლოთ ამ საავადმყოფოების მართვაში არსებული ყველა ხარვეზი. ხარვეზების შესწავლის შემდეგ უკვე დაიგეგმება, თუ როგორი იქნება მართვა და ასევე, რა პროცესები განვითარდება ამ საავადმყოფოებთან მიმართებაში. თუმცა, სახელმწიფოს მიდგომა ცალსახად არის მხოლოდ და მხოლოდ როგორც სერვისების, ასევე თითოეული მომუშავე პერსონალის როგორც ფინანსური, ასევე სამუშაო პირობების გაუმჯობესების კუთხით.

დამერწმუნებით, ისეთი გლობალური პრობლემების ფონზე, როგორიც არის კოვიდინფექცია და ასევე, ისეთი რთული პროცესების ფონზე, რომელიც ამ საავადმყოფოებში იკვეთება, შეუძლებელია, ერთ და ორ თვეში დაიდოს სათანადო სტრატეგიული გეგმა, რომელიც ამ საავადმყოფოებს მიიყვანს საუკეთესო გამოსავლამდე და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ პირობებს. აქ იკვეთება არა მხოლოდ ის ხარვეზი, რომ პერსონალის ანაზღაურება ხდება საათობრივად, მაშინ, როდესაც მათი შესრულების კომპონენტი არის ძალიან დაბალი და ეს იწვევს გარკვეულწილად უთანასწორობას შემოსავლებსა და გასავლებში. ეს ფინანსისტების მხრიდან დეტალურად შესასწავლია. ყოველივე ამის განხილვის შემდეგ, სახელმწიფო გეგმავს მნიშვნელოვან ინვესტიციებს ამ საავადმყოფოებში და ამის შემდეგ, უკვე შეგვეძლება, ვისაუბროთ იმაზე, არის თუ არა სახელმწიფოს მიდგომა სწორი“, – განაცხადა ტიკარაძემ.