ეკატერინე ტიკარაძე - კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის შემოღება კონკურენციას დაარეგულირებს და ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს
ეკატერინე ტიკარაძე - კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის შემოღება კონკურენციას დაარეგულირებს და ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედება კონკურენციას დაარეგულირებს და ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმში განუცხადა.

მინისტრი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ერთიანი ტარიფის შემოღება ბაზრის კანონებს დაარღვევს.

„მთელი მსოფლიო ოპერირებს ერთიანი ტარიფებით ქვეყნის მასშტაბით და შესაბამისად, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი და საქართველოში ეს კლინიკებს ვერ დაანგრევს. პირველ რიგში, პაციენტებისთვის იქმნება პრობლემები, ვინაიდან პაციენტის ჯიბიდან გადასახადი არ რეგულირდება და ისინი თითქმის გაკოტრების ზღვარზე არიან მისული კლინიკების ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის პაციენტების მომსახურების ტარიფები გათანაბრდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის  სხდომაზე პირველ ნოემბერს მიიღეს. ცვლილებით, რომელიც მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ) შევიდა, ამ ეტაპზე, ახალი ტარიფები კარდიოქირურგიისა და რეანიმაციის სერვისებზე ამოქმედდება.  პაციენტი კვლავ გადაიხდის თანაგადახდის განსაზღვრულ ოდენობას, თუმცა აღნიშნული გადასახადი შემცირდება და ერთნაირი იქნება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში.