ეკატერინე ტიკარაძე - ხშირად გვგონია, რომ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ეს მონაპოვარი დიდი შრომის ფასად არ არის მიღწეული, გამოვლილი პერიოდი დაგვავიწყდა
ეკატერინე ტიკარაძე - ხშირად გვგონია, რომ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ეს მონაპოვარი დიდი შრომის ფასად არ არის მიღწეული, გამოვლილი პერიოდი დაგვავიწყდა

მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რაც დღეს ქვეყანაშია. სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად გვგონია, რომ ეს მონაპოვარი დიდი შრომის ფასად არ არის მიღწეული. დაგვავიწყდა ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში გამოვლილი პერიოდი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობა აუცილებელ რეგულაციებს სათანადოდ აღარ იცავს, რის გამოც არის რისკი, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესდეს.

ამასთან, ტიკარაძის თქმით, სასურველია, მოქალაქეებმა გაიაზრონ იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც ვაქცინაციის პროცესი დადებითად მიმდინარეობს და მოქალაქეები მთავრობასთან ერთად, სირთულეების გადალახვის პროცესში აქტიურად არიან ჩართული.

„ჩვენი მოქალაქეები ნაკლებად იყენებენ პირბადეს და სოციალური დისტანცირება აღარ არის იმდენად მნიშვნელოვანი საზოგადოებაში. სწორედ ამიტომ, დღესდღეობით გვაქვს საკმაოდ მაღალი რისკი, რომ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდოს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ასევე გაიაზრონ მსოფლიოს გამოცდილება, სადაც ვაქცინაციის პროცესი დადებითად მიმდინარეობს. შესაბამისად, იქ მოქალაქეები მთავრობასთან ერთად აქტიურად არინ ჩართული სირთულეების გადალახვის პროცესში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.