ეკატერინე ტიკარაძე - აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც საუკეთესოდ უმკლავდება გლობალურ პრობლემას
ეკატერინე ტიკარაძე - აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც საუკეთესოდ უმკლავდება გლობალურ პრობლემას

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დიპლომატებს კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებები დეტალურად გააცნო და ქვეყანაში ამ კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებულ გლობალურ კრიზისს ძალიან კარგად ართმევს თავს, ქვეყანა სამაგალითოა რეგიონში.

მისვე თქმით, რამდენიმე ქვეყანაში მოუწია მოგზაურობა და საქართველო აეროპორტში კონტროლის მასშტაბებით ნამდვილად გამოირჩეოდა.

კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ძალიან პროაქტიული ზომები აქვს გატარებული, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, სწორედ ამიტომ არის, რომ ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ასეთი მცირეა. საქართველო სამაგალითოა რეგიონში. რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი ვაშინგტონიდან, გამოვიარე არაერთი აეროპორტი და მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს აეროპორტი ამ კუთხით ყველაზე მეტად არის მობილიზებული. პერსონალი სრულიად აღჭურვილია შესაბამისი დამცავი საშუალებებით. შემოსვლისთანავე უზომავდნენ ტემპერატურას მგზავრებს, იყვნენ ძალიან ორგანიზებული. მინდა ხაზი გავუსვა, რომ დღეს მსოფლიო ჯანდაცვა დგას კრიზისის წინაშე და ამ გამოწვევის საპასუხოდ ყველა უნდა გავერთიანდეთ. აშშ მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან და მთელი მსოფლიოს ქვეყნებთან ერთად, რათა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ძალაშია, რომ ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. ვაფასებ საქართველოს იმ ძალისხმევისთვის, რასაც ახორციელებს. აქვე მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, დაიცვან რეკომენდაციები, დაიბანონ ხელები, დარჩნენ სახლში თუ თავს კარგად არ გრძნობენ. მინდა ასევე ხაზი გავუსვა, რომ ქართველები ძალიან პასუხისმგებლიანები აღმოჩნდნენ, იცავენ თვითიზოლაციის წესებს და თუ თავს ცუდად გრძნობენ ამის შესახებ შესაბამის უწყებებს ატყობინებენ. ვთვლი, რომ ამ საკითხში მოსახლეობა ძალიან კარგად გყავთ ინფორმირებული. აღნიშნული კი რეგიონს დაეხმარება ხელი შეუშალოს ვირუსის გავრცელებას,“ – განაცხადა დეგნანმა.

მინისტრის თქმით, ელჩმა ხაზი გაუსვა მინისტრების ონლაინ კონფერენციის გამართვის მნიშვნელობას.

„ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც საუკეთესოდ უმკლავდება გლობალურ პრობლემას. გამოხატა დადებითი განწყობა იმასთან მიმართებაში, რომ ჩვენ ვგეგმავთ რეგიონის ჯანდაცვის მინისტრების ონლაინ კონფერენციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია იქნება, სადაც ჩვენ გავაზიარებთ, როგორც გამოწვევებს, ასევე პრობლემების მოგვარების გზებს. კელი დეგნანმა, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენელმა, გამოხატა მზაობა საქართველოს გაუწიოს მხარდაჭერა ამ გლობალურ გამოწვევაში“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.