ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ სილვიუ დომენტეს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, პირველადი ჯანდაცვის ევროპული ცენტრის ოფისის ხელმძღვანელ მელიტა ჯაკობს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა პირველადი ჯანდაცვის რეფორმა განიხილეს, რომელიც დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობისა და პროფილაქტიკის კუთხით ღონისძიებების ხარისხის ამაღლებასა და ექიმების კვალიფიკაციას გულისხმობს.

პირველადი ჯანდაცვის ფუნდამენტური რეფორმის ფარგლებში მოხდება პაციენტების პრევენცია, მკურნალობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გრძელვადიანი მართვა, რომელიც ქალაქისა და სოფლის მოსახლეობისთვის თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი.

„პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია. რეფორმის განხორციელებაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა გუნდი გვეხმარება. ფუნდამენტური რეფორმა ექიმებისა და ექთნების სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ანაზღაურების გადახედვას ითვალისწინებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ხარისხიან, სამედიცინო სერვისებზე უწყვეტი ხელმისაწვდომობა ჰქონდეს“, – მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

რეფორმაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქრონიკული და ინფექციური დაავადებების კონტროლს, ასევე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებს.

„საქართველოში პირველადი ჯანდაცვის რეფორმა მიმდინარეობს, რომლის მთავარი მიზანი არის ის, რომ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზარდოს და საქართველოს მოქალაქეებს მეტი სიკეთე მოუტანოს. პირველადი ჯანდაცვის ობიექტების საჭიროება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთებით პანდემიის პირობებში. არის დაავადებები, რომელთა მართვაც არაა საჭირო სამედიცინო დაწესებულებებში მოხდეს. ეს შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის დონეზეც იმართოს. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მხარდაჭერა ამ რეფორმის მიმართ“, – განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, პირველადი ჯანდაცვის ევროპული ცენტრის ოფისის ხელმძღვანელმა, მელიტა ჯაკობსიმ.