ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა - საქართველოს წარმატების ძირითადი ფაქტორი იყო სწრაფი რეაგირება და პრევენცია
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა - საქართველოს წარმატების ძირითადი ფაქტორი იყო სწრაფი რეაგირება და პრევენცია

საქართველოს წარმატების ძირითადი ფაქტორი იყო სწრაფი რეაგირება და პრევენცია, კერძოდ, მიზნობრივი ტესტირება, ყველა შესაძლო შემთხვევის იზოლაცია და მკურნალობა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 73-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 73-ე ასამბლეა „კოვიდ-19“-ის თემას მიეძღვნა. მსოფლიო ლიდერებმა და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებმა ვირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მათი გადალახვის გზებზე ისაუბრეს.

„დაწყებული იანვრის თვიდან საქართველოს მთავრობა იღებდა მკვეთრ ზომებს „კოვიდ-19“–ის გავრცელების წინააღმდეგ, სოციალური დისტანცირების გამოყენებით, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზაციითა და პირველადი ჯანდაცვის დონეზე ცხელების პროგრამების დანერგვით.

ტექნოლოგიურმა საშუალებებმა მოგვცა შესაძლებლობა, გაგვეგრძელებინა სწავლება სკოლებში და უნივერსიტეტებში. ჩვენ ასევე ხელი შევუწყვეთ ონლაინ სამუშაო პლატფორმებს. დავნერგეთ სპეციალური აპლიკაცია – Stop Covid თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დასაცავად“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ თავის განცხადებაში.

ჯანდაცვის მინისტრმა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა მობილიზებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების დასახმარებლად.

„ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია. სამწუხაროდ, სწორედ ამიტომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არ ფლობს სრულ ინფორმაციას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციაზე. საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. საქართველოს ცენტრალური მთავრობა, გაერო-ს სააგენტოებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მზად არის, დახმარება გაუწიოს თავის მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობისა და შესაბამისი ინსტიტუციების ერთობლივი და უაღრესად კოორდინირებული მოქმედებების შედეგად, შესაძლებელი გახდა ინფექციის შეკავება და ვირუსის შემთხვევების მინიმალიზაცია.

„პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირველადი სამედიცინო დახმარება, ინფექციის კონტროლის მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწა და იმუნიზაციისა და ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამების გაფართოება, რათა შემცირდეს ქრონიკული დაავადებების რიცხვი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული მითითებები ძალიან სასარგებლოა. ჩვენ ვაფასებთ შესაძლებლობას, შევუერთდეთ სოლიდარობის პროცესს და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წვლილი შევიტანოთ ერთობლივ ძალისხმევაში „კოვიდთან“ დაკავშირებული გადაწყვეტილებების მოსაძიებლად“, – აღნიშნა მინისტრმა სიტყვით გამოსვლის ბოლოს.

ეკატერინე ტიკარაძის გამოსვლის ტექსტს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.