ეკატერინე ტიკარაძე - ინფიცირებულის გადარჩენის მცდელობის მიუხედავად, სამწუხარო ფაქტი მოხდა, რასაც ყველა განვიცდით
ეკატერინე ტიკარაძე - ინფიცირებულის გადარჩენის მცდელობის მიუხედავად, სამწუხარო ფაქტი მოხდა, რასაც ყველა განვიცდით

ინფიცირებულის გადარჩენის მცდელობის მიუხედავად, სამწუხარო ფაქტი მოხდა, რასაც ყველა განვიცდით, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის შესახებ საუბრისას. მან სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

„მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს. სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა დღეს. ეს გახლდათ ქალბატონი, რომელსაც აღენიშნებოდა მრავლობითი ქრონიკული დაავადებები და „კოვიდ“ ინფექციის ფონზე მას განუვითარდა ორმხრივი პნევმონია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ექიმების მცდელობაც, რა თქმა უნდა, აღმოჩნდა წარუმატებელი, რაც ძალიან სამწუხაროა და ჩვენ ყველანი ამას განვიცდით. ეს ქალბატონი გახლავთ ცნობილი კლასტერიდან და ჩვენ ვაგრძელებთ დამატებით მოკვლევას იმისათვის, რომ გვქონდეს დეტალური ინფორმაცია, კონკრეტულად ამ კლასტერში არიან თუ არა კიდევ დამატებით ინფიცირებულები. დღეის მდგომარეობით, გვყავს 157 ინფიცირებული. აქედან 28 არის გამოჯანმრთელებული და არის ერთი გარდაცვალება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა გაამხნევა ექიმები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვიან.

„წარმატებები მინდა, ვუსურვო ქართველ ექიმებს ამ ბრძოლაში და მინდა, გავამხნევო ისინი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ რთულ ბრძოლაში ისინი მიაღწევენ იმ შედეგებს, რა შედეგებზეც ვართ ჩვენ ორიენტირებული.

მთელი საქართველოს მასშტაბით ჩენ გვაქვს გარკვეული გეგმა და ამ გეგმას მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ. ყველა რეგიონში ვაძლიერებთ სტაციონარულ სექტორს, ისევე, როგორც ჯანდაცვის პირველად რგოლს. ადგილზე ვნახულობთ ობიექტების მზაობას და ვეცნობით, თუ რა საჭიროებებია, რომ ისინი იყვნენ აღჭურვილი, რათა მოემსახურონ პაციენტებს უსაფრთხოდ. ასევე, ვეცნობით ყველა იმ დეტალურ მონაცემებს, რა საჭიროებები არის ექიმების თავდაცვის კუთხითაც საჭირო. დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა გაგვაცნო ინფორმაცია ამის შესახებ, ისინი გეგმავენ, რომ სამშაბათს უკვე შეძლებს სტაციონარი გარკვეული პაციენტების მიღებას, ეტაპობრივად გაიზრდება როგორც სტაციონარის სიმძლავრე, ასევე მისი შესაძლებლობები“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, დღესდღეობით საქართველოში არის ოქროს სტანდარტის ტესტები.

„ეს არის „პისიარ“ ტესტები, რომლიდანაც ერთი სახეობა არის სტანდარტული „პისიარ“ ტესტი, რომლის მოქმედების ხანგრძლივობა არის 4-დან 6 საათამდე, მეორე არის სწრაფი „პისიარ“ ტესტი, რომელიც პასუხს იძლევა საათ-ნახევარში. ორივე ტესტის ხარისხი არის მაღალი ხარისხი და მისი საიმედოობა არის 98 პროცენტი. რაც შეეხება აღჭურვილობას, ჩვენ ამ ეტაპისთვის გვაქვს ორი კვირის მარაგი, მაგრამ მუდმივ რეჟიმში სახელმწიფო მუშაობს მარაგების შევსებაზე და აქედან გამომდინარე, ის პრიორიტეტი, რომ ექიმები უნდა იყვნენ სრულიად დაცული, ჩვენ ამას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. ყოველკვირეულად და ყოველდღიურად გვაქვს ახალი ხელშეკრულებები, ახალი კონტრაქტები და შესაბამისად, მარაგებიც ყოველდღიურად ივსება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.