ეკატერინე ტიკარაძე - ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი არ გვაძლევს საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი სკოლების გახსნაზე
ეკატერინე ტიკარაძე - ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი არ გვაძლევს საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი სკოლების გახსნაზე

ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, სკოლებისა და ბაღების საკითხი არის პრიორიტეტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში.

„ხშირად ვსაუბრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების სწორ გარემოში აღზრდა და მათთვის განათლების მიცემა. ჩვენ ამ კუთხითაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან. თუმცა, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ პირველი არის ბავშვების ჯანმრთელობის, უსაფრთხოების შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ უფრო ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს, თუმცა გვაქვს გარკვეული მოსაზრებები. ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები. როგორც კი ამის საშუალება იქნება, განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს ყველა პირობას, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მიიღონ სკოლებში“, – განაცხადა ტიკარაძემ.