ეკატერინე ტიკარაძე იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
ეკატერინე ტიკარაძე იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროს გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მხარეებმა „კოვიდ-19“-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ვაქცინაციის საკითხებზე იმსჯელეს, ასევე საუბარი შეეხო ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების დაბალ აქტივობას. ჯანდაცვის მინისტრმა კოლეგებს იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა.

შეხვედრაზე ისაუბრეს „ფაიზერის“ ვაქცინაზეც, რომელიც საქართველოში ხვალ ღამით შემოვა. მინისტრის განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“ შემოტანის შემდეგ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ვაქცინებს შორის არჩევანი თავად გააკეთონ.

ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რომ ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად უფრო აქტიური გახდება.

„სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან და პერსონალთან ერთად დეტალურად განვიხილეთ ყველა ის რისკი, რომელიც მათ ამ პროცესთან მიმართებაში გააჩნიათ. ვაქცინაციის მიმართ სანდოობა უნდა გაიზარდოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. დღეს მსოფლიოში მესამე ტალღაა გამოცხადებული. საქართველოში ეს არ ფიქსირდება, თუმცა გახსნების ფონზე ინფექციის ზრდაა. პანდემიას მხოლოდ ვაქცინაციით დავასრულებთ. გარდა ამისა, ველოდებით 29 250 დოზა „ფაიზერს“. ორივე ვაქცინას – „ასტრაზენეკასაც“ და „ფაიზერსაც“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აღინიშნა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

შეგახსენებთ, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი 15 22 ამოქმედდა. ცხელი ხაზი ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.