ეკატერინე ტიკარაძე - იაფი წამლის მომხრე არ ვარ, ჩვენი მიზანია, ბაზარს ბიძგი მივცეთ ხარისხიანი წამლისკენ
ეკატერინე ტიკარაძე - იაფი წამლის მომხრე არ ვარ, ჩვენი მიზანია, ბაზარს ბიძგი მივცეთ ხარისხიანი წამლისკენ

იაფი წამლის მომხრე არ ვარ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„მე პირადად, არ ვარ იაფი წამლის მომხრე, ვინაიდან იაფი წამალი ნიშნავს ბევრ წამალს და ხარისხიანი წამალი ნიშნავს ზუსტად იმდენ წამალს, რამდენიც მოქალაქეს სჭირდება. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, პირველ რიგში, ბაზარს ბიძგი მივცეთ ხარისხიანი წამლისკენ, რომ იმპორტირებული იყოს მხოლოდ ხარისხიანი წამალი და უკვე ხარისხიანი წამლის ფასის რეგულირება მოხდეს საკანონმდებლო ჩარჩოს მხრიდან, რისი განმახორციელებელიც, რა თქმა უნდა, იქნება ჯანდაცვის სამინისტრო“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა ფარმაციის სფეროს დარეგულირება იმისთვის, რომ მედიკამენტების ფასი ხელმისაწვდომი იყოს და ჯიბიდან გადახდის ნაწილი კიდევ უფრო შემცირდეს, ვიდრე ახლაა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ წამლის ფასის დარეგულირებისთვის მნიშვნელოვანია არაერთი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება.

„აქედან გამომდინარე, ეს არის კითხვა არა ჩემკენ, არამედ უფრო საკანონმდებლო ორგანოსკენ. მინდა, აუცილებლად დავაფიქსირო, რომ მე მაქვს ინიცირების უფლება და ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ჩვენ გვქონდა პარლამენტში რამდენიმე ინიციატივა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეტაპობრივად მოხდეს ბაზრის შეფასება, როგორც ჰოსპიტალურ სექტორში, ასევე წამლის სექტორში. დავიწყოთ ხარისხის გაუმჯობესება და მას შემდეგ, რაც ბაზარი მზად იქნება, მოვითხოვოთ GMP სტანდარტიც და ყველა დანარჩენი რეგულაციაც, რომელიც საჭიროა, რათა მოქალაქემ მიიღოს არა მხოლოდ იაფი, არამედ ხარისხიანი წამალი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძემ ასევე განაცხადა, რომ იგეგმება დაფინანსების სქემის გადახედვა, რომლითაც პირველადი ჯანდაცვა ფინანსდება და ჯანდაცვის სამინისტრო წლის ბოლომდე შეძლებს დაანონსებას, თუ როგორი ფორმატით იქნება პირველად ჯანდაცვაში ახალი დაფინანსება.

„იგეგმება დაფინანსების სქემის გადახედვა, რომლითაც პირველადი ჯანდაცვა ფინანსდება. ვთვლით, რომ ეს კაპიტაციური მოცულობა საკმაოდ მწირია იმისთვის, რათა პირველადი ჯანდაცვის ცენტრებმა შეძლონ, მოსახლეობას ყველა მაღალტექნოლოგიური კვლევა მიაწოდონ, რომელიც მნიშვნელოვანია, პირველად ჯანდაცვაში არსებობდეს. ამ სტრატეგიაზე ვმუშაობთ და ვთვლით, რომ წლის ბოლომდე შევძლებთ დაანონსებას, თუ როგორი ფორმატით იქნება პირველად ჯანდაცვაში ახალი დაფინანსება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, დიდ ქალაქებში მართვა დამაკმაყოფილებელია და ამ ეტაპზე გარკვეული სახელმწიფო ობიექტების გაჩენა არ იგეგმება.

„ჩვენი დაკვირვებით, დიდ ქალაქებში არის დამაკმაყოფილებელი მართვა და დიდ ქალაქებში ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ გარკვეული სახელმწიფო ობიექტების გაჩენას. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ჰოლდინგის და ასევე გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფარგლებში მოვაქციოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი, თუ ამის საჭიროება დადგება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.