ეკატერინე ტიკარაძე - გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი ყველა მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სააკაშვილისთვის მოეწყო ინტენსიური პალატა, ჰოსპიტალი არ გადაიკეტება
ეკატერინე ტიკარაძე - გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი ყველა მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სააკაშვილისთვის მოეწყო ინტენსიური პალატა, ჰოსპიტალი არ გადაიკეტება

გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი ყველა მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც ესაჭიროება პაციენტს. გავრცელებული ინფორმაცია, რომ ემერტეს აპარატი გამოსულია მწყობრიდან, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პაციენტს აუცილებლად მიეწოდება ყველა სერვისი, რომელიც მას დასჭირდება.

„ჰოსპიტალი ტექნიკურად გამართულია, მიმდინარეობს პროგრამული განახლება და პაციენტს აუცილებლად, შეუფერხებლად მიეწოდება ყველა სერვისი, რომელიც მას დასჭირდება. პაციენტს მიეწოდებოდა როგორც რუსთავში, ასევე გლდანში, ყველა ის სამედიცინო სერვისი, რომელიც მას იმ მომენტში მიეწოდებოდა.. თქვენ გაიგეთ არაერთი კომენტარი, თუ რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და მეც ამ კომენტარს ვიმეორებ. შიმშილობის ეპიდემია ქვეყანაში უნდა შეწყვეტილიყო, უნდა შეწყვეტილიყო ის დაპირისპირება, რომელიც ქვეყანაში ხდებოდა. იცით, რომ ჩვენ გვაქვს ჰუმანური მიდგომა ყველა ადამიანის მიმართ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ შეთავაზებოდა პაციენტს, გადმოსულიყო გორის ჰოსპიტალში მკურნალობის გასაგრძელებლად“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, ტიკარაძე ამბობს, რომ გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის გადასაყვანად მოეწყო ინტენსიური პალატა, სადაც ის ინტენსიურ რეჟიმში გაივლის დაკვირვებას.

„სააკაშვილი დღესაც არ იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და სამომავლოდაც მას ეს რისკი არ უდგას. კიდევ ერთხელ განვმეორდები, პაციენტს დღემდე მიეწოდება ყველა ის საჭირო სერვისი, რომელიც მისი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო. ის არის მუდმივი მონიტორინგის ქვეშ, უტარდება შესაბამისი კვლევები, ის იმყოფება ინტენსიური დაკვირვების ქვეშ. მთავარი პირობა იყო, უზრუნველყოფილიყო მისი უსაფრთხოება. ჩაითვალა, რომ გორის ჰოსპიტალი არის ის ლოკაცია, სადაც ჩვენ შეგვიძლია, პაციენტს შევთავაზოთ მაქსიმალური უსაფრთხოება. სწორედ აქედან გამომდინარე, ამ ტერიტორიაზე მისთვის მოეწყო ინტენსიური პალატა, სადაც ის გააგრძელებს ინტენსიური დაკვირვების ქვეშ დაკვირვებას. ჰოსპიტალი არ გადაიკეტება. ექიმები, რომლებიც დღეს მკურნალობენ პაციენტს, გააგრძელებენ მასზე ინტენსიურ მეთვალყურეობას აქაც“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.