ეკატერინე ტიკარაძე - გარდაცვლილია ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრი და მიუხედავად ამისა, ჟურნალისტები კვლავ აგრძელებენ ჩემს ოჯახზე მორალურ ზემოქმედებას
ეკატერინე ტიკარაძე - გარდაცვლილია ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრი და მიუხედავად ამისა, ჟურნალისტები კვლავ აგრძელებენ ჩემს ოჯახზე მორალურ ზემოქმედებას

ჩემს ოჯახზე ხორციელდება წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან, რასაც მივიჩნევ, რომ ნამდვილად არასწორია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მინდა, გავაკეთო სამწუხაროდ, პირადი განცხადება, მაგრამ არ შემიძლია, ეს ფაქტი დავტოვო გამოხმაურების გარეშე. მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის ასეთი რთული ვითარება და ალბათ ყველანი ვხვდებით, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში დღესდღეობით იმყოფება ჯანდაცვის სამინისტრო, ჩემს ოჯახზე ხორციელდება წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან, რაც მიმაჩნია, რომ ნამდვილად არასწორია. ვიაზრებ იმას, რომ ვარ საჯარო პირი და შესაბამისად, ჩემ მიმართ დასმული ნებისმიერი კითხვა უნდა იქნას პასუხგაცემული, მაგრამ მაშინ, როდესაც ეს ეხება ჩემს ოჯახის წევრებს და ჩემს შვილებს, მე მიმაჩნია, რომ ეს არის დასაგმობი, დაუშვებელი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, დღესაც მიმდინარეობს ზემოქმედება მის ოჯახზე.

„დღეს ჩემს ოჯახს აქვს საკმაოდ რთული დღე, ვინაიდან გარდაცვლილია ოჯახის ერთ-ერთი წევრი და მიუხედავად ამისა, ჟურნალისტები არ ერიდებიან ოჯახის ამ მდგომარეობას, კვლავ აგრძელებენ მორალურ ზემოქმედებას ჩემს ოჯახზე. არ ვეხმაურები არც ერთ სიუჟეტს, რომელიც გავრცელდა, ვინაიდან პატივს ვცემ ჟურნალისტების სიტყვის თავისუფლებას და საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი, მაგრამ ის, რაც დღესდღეობით მიმდინარეობს, ეს ნამდვილად არის დასაგმობი საზოგადოებისგან. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამას შესაბამის პასუხს გასცემს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

დატოვე კომენტარი