ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები როგორც მწარმოებლებთან, ისე პარტნიორ ქვეყნებთან ვაქცინის დამატებითი დოზების შეძენაზე
ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები როგორც მწარმოებლებთან, ისე პარტნიორ ქვეყნებთან ვაქცინის დამატებითი დოზების შეძენაზე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად მიმდინარეობს მოლაპარაკებები როგორც სხვადასხვა მწარმოებელთან, ისე პარტნიორ ქვეყნებთან.

„ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე, აქედან გამომდინარე, არ გვაქვს უფლება, გავცეთ სრული ინფორმაცია, თუმცა ვადასტურებთ, რომ სხვადასხვა მომწოდებელთან გვაქვს მოლაპარაკებები, ეს არის „ასტრაზენეკას“ სხვადასხვა მწარმოებელი, როგორც ინდოეთის, ასევე კორეის. გვაქვს მოლაპარაკებები „მოდერნასთან“, ასევე ჯონსენ და ჯონსენთან. „კოვაქს“ პლატფორმაზე უკვე მიმდინარეობს დადგენა, როდის იქნება შემდეგი რაოდენობა მოწოდებული. ასევე მოლაპარაკებები გვაქვს პარტნიორ ქვეყნებთან. კერძოდ, ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს ისრაელის სახელმწიფოსთან“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

მისივე განმარტებით, საქართველო ისრაელთან ვაქცინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას ორი მიმართულებით აწარმოებს.

„ისრაელთან გვაქვს მოლაპარაკება ორი მიმართულებით. ერთი არის „ფაიზერის“ ვაქცინა, მეორე „მოდერნას“, რომლის დამატებითი დოზების შეძენა, ასევე შესაძლებელია, დონაცია მოხდეს ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან, აგრეთვე ინტენსიურად არის ჩართული გერმანიის მთავრობა, რომელთანაც გვაქვს მოლაპარაკებები უკვე მათ მიერ წარმოებულ ვაქცინებთან დაკავშირებით, თუმცა ამ მიმართულებით ზუსტად ვიცით, რომ შესაძლოა, მოწოდება შესაძლებელი გახდეს მხოლოდ მესამე კვარტალში და არა უფრო ადრე. პარალელურ რეჟიმში საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ყველა პარტნიორ ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებითი დოზების შეძენასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.