ეკატერინე ტიკარაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
ეკატერინე ტიკარაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორს, ავშან ხანის შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„მინისტრმა გაერო-ს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ისაუბრეს პირველადი ჯანდაცვის რეფორმასა და ამ რეფორმის ფარგლებში ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების საკითხებზე. გაერო-ს ბავშვთა ფონდი, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ტელემედიცინის დანერგვის პროცესს იწყებს.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწორედ მაღალხარისხიანი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და პიროვნებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება ცალკეულ პირთა ჯანმრთელობის საჭიროებებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მინისტრმა გაერო-ს ბავშვთა ფონდს ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იმუნიზაციის მიმდინარეობისა და ახალი ვაქცინების დანერგვის მიმართულებით, მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გაერო-ს ბავშვთა ფონდი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია.

„შეხვედრაზე ვაქცინაციის პროცესი და სოციალური საკითხები განვიხილეთ. გაერო-ს ბავშვთა ფონდმა იმუნიზაციის პროცესში ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია. საუბარი შეეხო ევროკავშირის დახმარებით მიმდინარე პირველადი ჯანდაცვის რეფორმასაც, განსაკუთრებით, ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარებასა და ტელემედიცინის დანერგვას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის რეგიონულმა დირექტორმა თავის მხრივ ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.

„მინისტრთან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. მათ შორის იყო ვაქცინაციის პროცესი და ეპიდვითარება. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მუშაობა, რათა ვაქცინაცია უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. სანიტარული ნორმების დაცვა და პირბადის ტარება პანდემიის შეკავებას ძალიან უწყობს ხელს. გარდა ამისა, შეხვედრაზე პირველადი ჯანდაცვის რეფორმასა და მის გაძლიერებაზეც ვისაუბრეთ“, – ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის რეგიონულმა დირექტორმა ავშან ხანიმ განაცხადა.