ეკატერინე ტიკარაძე - ეტაპობრივად მივდივართ იმ ნაბიჯებისკენ, რომ აღვადგინოთ ფრენები, პირველ რიგში, ქვეყნებთან, სადაც ყველაზე სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა
ეკატერინე ტიკარაძე - ეტაპობრივად მივდივართ იმ ნაბიჯებისკენ, რომ აღვადგინოთ ფრენები, პირველ რიგში, ქვეყნებთან, სადაც ყველაზე სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის რეგულაციები, რომლებსაც ევროკავშირი შემოიღებს თავის პარტნიორ ქვეყნებთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ფრენებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„თქვენ იცით, რომ საქართველო მოხვდა იმ 15 ქვეყანას შორის, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, არის „მწვანე ქვეყნების“ სიაში და ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, მივდივართ იმ ნაბიჯებისკენ, რომ საქართველომ აღადგინოს ფრენები, პირველ რიგში, იმ ქვეყნებთან, სადაც არის ყველაზე სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. ფრენების დროს მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ გაითვალისწინოს და აუცილებლად ჰქონდეს პირბადე, დაიცვას პირადი ჰიგიენა. ეს, რაც არის უშუალოდ ფრენების პირობებში. შეძლებისდაგვარად მათ ასევე უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია. ჩვენი მოთხოვნები გარკვეულწილად არის, რომ გარკვეული ქვეყნებიდან მგზავრს უნდა ჰქონდეს ვალიდური უარყოფითი კოვიდტესტი. სხვა შემთხვევაში, ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ საქართველოში ჩაუტარონ ტესტირება. მაგრამ მეტნაკლებად ეს ყველაფერი არის დამუშავების ფაზაში, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის რეგულაციები, რომლებსაც ევროკავშირი შემოიღებს თავის პარტნიორ ქვეყნებთან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.