ეკატერინე ტიკარაძე - დღევანდელი რეალობა ემთხვევა იმ განსაკუთრებით საუკეთესო სურათს, რომელიც შეიძლება, ჩვენი მიზანი ყოფილიყო
ეკატერინე ტიკარაძე - დღევანდელი რეალობა ემთხვევა იმ განსაკუთრებით საუკეთესო სურათს, რომელიც შეიძლება, ჩვენი მიზანი ყოფილიყო

დღევანდელი არსებული რეალობა ემთხვევა იმ განსაკუთრებით საუკეთესო სურათს, რომელიც შეიძლება, ჩვენი მიზანი ყოფილიყო, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.

„თუმცა, ჩვენ გათვლები გვქონდა ყველაზე უარესი სცენარისთვისაც და ვემზადებოდით ყველაზე რთული გამოწვევებისთვის. რა თქმა უნდა, შემთხვევების ზრდა მოსალოდნელია და ამას შემდეგი კვირის ბოლოდან ველოდებით, მაგრამ ვთვლით, რომ ეს ზრდაც დინამიკური, მართვადი იქნება და ჯანდაცვის სისტემა ამ პროცესების მართვას საკმაოდ კარგად შეძლებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამ განცხადებით ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად ემთხვევა აპრილის პირველ რიცხვებთან დაკავშირებით გაკეთებული პროგნოზი იმ რეალობას, რომელშიც ახლა ვიმყოფებით და როდის უნდა ველოდოთ კრიზისული პერიოდის დადგომას.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ვანში, ქობულეთსა და ლენტეხში კონტაქტების მოძიება ჯერ არ გართულებულა.

„ეს არის იმის მიზეზი, რომ ამ რაიონებში ისეთ ღონისძიებებს არ ვიღებთ, რომელიც მარნეულში გავატარეთ. ჯერ პროცესი დინამიურად მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ, რომ მოხდება კონტაქტების იმ სისწრაფითა და ხარისხით დადგენა, რომ ამ რაიონების სრულად ჩაკეტვა არ დაგვჭირდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იქნება თუ არა აღნიშნულ რაიონებში არსებულ ეპიდსურათზე დამოკიდებული ქვეყანაში საგანგებო ზომების კიდევ უფრო გამკაცრება, რაც დღეს პრემიერ-მინისტრმაც არ გამორიცხა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება აღნიშნულ რაიონებში მიღებული შედეგების გათვალისწინებით მიიღება.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე ქვეყანას აქვს 12 000 PSR ტესტი, 4 000 ერთეული PSR სწრაფი ტესტი და 2 000 სწრაფი ტესტი, ხოლო დამატებით, გზაშია 18 000 PSR ტესტი, 20 000 დაჩქარებული PSR ტესტი და 52 000 სწრაფი ტესტი, რომელიც საქართველოს ლაბორატორიებისთვის უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.

„გარდა ამისა, დადებულია ხელშეკრულებები და პროდუქციის ტრანსპორტირებას უკვე ველოდებით. ეს არის 84 000 PSR ტესტი, 24 000 დაჩქარებული PSR ტესტი და 200 000 სწრაფი ტესტი. გარდა ამისა, დამატებით ვმუშაობთ სხვადასხვა ხელშეკრულებებზე და ვთვლით, რომ სახელმწიფოში ტესტირების დეფიციტის არანაირი საფრთხე არ უნდა შეიქმნას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ იქნება ჯანდაცვის მიმართულებით ათვისებული და დახარჯული „კოვიდ 19“-თან ბრძოლის ფონდში მმართველი პარტიის თავმჯდომარის ოჯახის მიერ ჩარიცხული 100 მილიონი, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ეს თანხები მიზნობრივად დაიხარჯება და გადაწყვეტილება გუნდურად იქნება მიღებული.

„პირველ რიგში, გაძლიერდება ის რგოლები, რომლებიც ყოველივე ამას მეტად საჭიროებენ და მოხდება ამ ყველაფრის შეთანხმება მთავრობასთან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დატოვე კომენტარი