ეკატერინე ტიკარაძე - დაველოდოთ მოვლენებს, არჩევნებამდე გვაქვს საკმარისი დრო, ეფექტიანად ვმართოთ ინფექცია და გვაქვს მოლოდინი, როგორი შეიძლება იყოს ინფექციის გავრცელება შემოდგომაზე
ეკატერინე ტიკარაძე - დაველოდოთ მოვლენებს, არჩევნებამდე გვაქვს საკმარისი დრო, ეფექტიანად ვმართოთ ინფექცია და გვაქვს მოლოდინი, როგორი შეიძლება იყოს ინფექციის გავრცელება შემოდგომაზე

ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, დაველოდოთ მოვლენებს, ვინაიდან არჩევნებამდე გვაქვს საკმარისი დრო, რათა ეფექტიანად ვმართოთ ინფექციის გავრცელება. ასევე გვაქვს გარკვეული მოლოდინი, თუ როგორი შეიძლება იყოს ინფექციის გავრცელება შემოდგომაზე, – განაცხადა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ რეკომენდაციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, პროცესზე მუდმივი დაკვირვება ხორციელდება და შესაბამისი რეკომენდაციები გაიცემა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის კონსულტაციისთვის, როგორც კი შესაბამის გარემოში არჩევნების ჩატარების საკითხი დადგება.

„ყოველდღიურად ვახორციელებთ დაკვირვებას და გავცემთ რეკომენდაციებს, როგორც საჯარო სტრუქტურებისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით ხდება დაგეგმარება ეკონომიკური სექტორის გაშლის და ჩვენი შრომითი უსაფრთხოების სამსახური დეტალურად სწავლობს თითოეულ გარემოს, სადაც ადამიანებს მოუწევთ მუშაობა. ასევე, რა თქმა უნდა, როდესაც დადგება დღის წესრიგში ის, თუ როგორ გარემოში უნდა ჩატარდეს არჩევნები, ჩვენ მზად ვართ, გავუწიოთ კონსულტაცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.