ეკატერინე ტიკარაძე - დარწმუნებული ვარ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, საქართველოში მივიღებთ ისეთ ჯანსაღ ჯანდაცვის სისტემას, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითო იქნება
ეკატერინე ტიკარაძე - დარწმუნებული ვარ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, საქართველოში მივიღებთ ისეთ ჯანსაღ ჯანდაცვის სისტემას, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითო იქნება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ზოგიერთ ჰოსპიტალში დარღვევები გამოვლინდა, თუმცა ამ ეტაპზე ხარვეზები მაქსიმალურად გამოსწორებულია და პროცესის კონტროლს რეგულირების სააგენტო ახორციელებს.

„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ გარკვეულ ჰოსპიტლებში კრიტიკის ზღვარი საკმაოდ მაღალი იყო. იქ გამოვლინდა ძალიან ცუდი დარღვევები, რომლებიც თითქმის არ ექვემდებარებოდა გამოსწორებას. ამ ეტაპისთვის, ისინი მაქსიმალურად არის გამოსწორებული და რეგულირების სააგენტოს მხრიდან ყოველ დღე ხდება მათი მონიტორინგი, მათთან კომუნიკაცია, რადგან ეს პროცესი, რომელიც უკვე დაიწყო, შეუქცევადია და ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი მიზანი არის სექტორის მაქსიმალური გაჯანსაღება, იმ ხარვეზების გამოსწორება, რომელიც დღეს არსებობს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით, დარწმუნებულია, გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოში, მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითო ჯანდაცვის სისტემა ჩამოყალიბდება.

„რა თქმა უნდა, რისკები ჯერ კიდევ არის, სექტორს ბევრი სამუშაო აქვს. ჩვენ სექტორის გვერდით ვდგავართ და მათთან ერთად ვმუშაობთ. დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, საქართველოში მივიღებთ ისეთ ჯანსაღ ჯანდაცვის სისტემას, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითო სისტემა იქნება“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.