ეკატერინე ტიკარაძე - ციხის საავადმყოფოში ამ ეტაპისთვის არის ყველა საჭირო საშუალება, რომელიც მოშიმშილე პაციენტს სჭირდება
ეკატერინე ტიკარაძე - ციხის საავადმყოფოში ამ ეტაპისთვის არის ყველა საჭირო საშუალება, რომელიც მოშიმშილე პაციენტს სჭირდება

მისმა პირადმა ექიმმა გააკეთა კომენტარი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, საბჭო, რომელიც მუშაობს პატიმრის და პაციენტის ინტერესების სასარგებლოდ მიიღებს ყველა საჭირო გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ციხის საავადმყოფოში ყველა კვლევის ჩატარების საშუალებაა.

„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მე დამატებით ინფორმაციებს არ ვიძლევი, ვინაიდან ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია და მხოლოდ მისი პირადი თანხმობით და მისი პირადი ექიმიდან შეიძლება ამის გაჟღერება. რაც შეეხება ციხის საავადმყოფოს, ამ ეტაპისთვის არის ყველა საჭირო ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევის საშუალება, რომელიც ექიმების მხრიდან არის გაწერილი და რომელიც მოშიმშილე პაციენტს ესაჭიროება. აქედან გამომდინარე, საბჭო, რომელიც მუშაობს პატიმრის და პაციენტის ინტერესების სასარგებლოდ მიიღებს ყველა საჭირო გადაწყვეტილებას, რომელიც მისი სიცოცხლის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ტიკარაძის თქმით, ის რეგულირების სააგენტოს კიდევ ერთხელ სთხოვს, რომ შეისწავლონ, თუ რა ტიპის დაწესებულებას წარმოადგენს ციხის საავადმყოფო.

„რამდენიმე ხანში თვითონ ციხეში ჩაუტარდება პაციენტს ეს კვლევა, ვინაიდან ეს არის მობილური დანადგარი, რომლის გადაადგილება შესაძლებელია და პენიტენციური სამსახური ამას უზრუნველყოფს. რაც შეეხება კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ის გააჩნია კლინიკას. გამომდინარე იქედან, რომ არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, თუ რომელ ტიპს შეესაბამება ეს კლინიკა და რა ხარისხისაა, მე დავავალებ რეგულირების სააგენტოს, რომ მოახდინოს განმეორებითი შესწავლა ამ კლინიკის და დადოს შესაბამისი დასკვნა კლინიკის მზაობის შესახებ და ეს გასაჯაროვდეს, რომ აღარ იყოს კითხვები, წარმოადგენს თუ არა ეს კლინიკა რომელიმე პაციენტისთვის რისკს. თუ ეს კლინიკა არ აკმაყოფილებს მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო მოთხოვნებს, მაშინ რისკქვეშ დგანან სხვა პაციენტებიც და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა პაციენტის ინტერესი იყოს თანაბრად დაცული“, – განაცხადა ტიკარაძემ.