ეკატერინე ტიკარაძე -  დღეს არ არსებობს ჩვენი მოქალაქეებისთვის რისკი, რომ საქართველოში არსებული ტესტირებებით მცდარი დიაგნოსტიკა მოხდეს
ეკატერინე ტიკარაძე - დღეს არ არსებობს ჩვენი მოქალაქეებისთვის რისკი, რომ საქართველოში არსებული ტესტირებებით მცდარი დიაგნოსტიკა მოხდეს

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის დამდგენი ტესტების სანდოობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

ტიკარაძემ უპასუხა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ესპანეთმა უვარგისობის გამო უკან გაიწვია ერთ-ერთი ჩინური კომპანიის ტესტები.

მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ნებისმიერი ტესტის გადამოწმება ხდება ლუგარში აპრობირებული ტესტირების სისტემით და მხოლოდ ამის შემდეგ იყენებენ მას ფართო გამოკვლევისთვის.

აქედან გამომდინარე, ტიკარაძის განარტებით, დღეს არ არსებობს რისკი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ საქართველოში არსებული ტესტირებებით მცდარი დიაგნოსტიკა მოხდეს.

ამასთან, ტიკარაძემ განმარტა, რომ ერთ-ერთი ჩინური კომპანიის ტესტები, რომელიც ბაზრიდან გაიწვიეს, ლუგარის ლაბორატორიას არ გააჩნია.

„ვიცი, რომ ძალიან დიდი ვნებათაღელვაა ტესტებთან დაკავშირებით. ვიტყვი იმას, რომ კომპანია ბიოსმა (BIOEASY), იქიდან გამომდინარე, რომ ეს კომპანია არის საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, გამოაქვეყნა ნოტა და თავისი პროდუქცია თვითონ გაიწვია ყველა ბაზრიდან, სადაც ის იყო გაყიდული. საქართველოს ჰქონდა დადებული ხელშეკრულება ამ კომპანიასთან, თუმცა, დღეის მდგომარეობით, ჩვენ ამ კომპანიის ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში არ გაგვაჩნია. მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები და გავიმეორო, რომ ნებისმიერი ახალი ტესტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, გადის გარკვეულ დაკვირვებას და ეს დაკვირვება მდგომარეობს შემდეგში: ყველა ტესტის გადამოწმება ხდება ლუგარში აპრობირებული ტესტირების სისტემით და აქედან გამომდინარე, ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებით ამ ტესტების სანდოობას ჩვენს მოქალაქეებში და მხოლოდ შემდეგ ვიყენებთ მათ ფართო გამოკვლევისთვის. აქედან გამომდინარე, დღეს არ არსებობს საქართველოს მოქალაქეებისთვის რისკი, რომ ჩვენთან არსებული ტესტირებებით მოხდეს მცდარი დიაგნოსტიკა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ კომპანიაში თანხა არ გადაურიცხავთ.

„თანხა არ გადარიცხულა ამ კომპანიაში. ხელშეკრულება არის ანულირებული, გვაქვს მოლაპარაკება სხვა კომპანიასთან, რომელთანაც ვმუშაობთ იგივე სტრატეგიით. გამოგზავნილი იქნება პირველი სატესტო 2000 ტესტი. იმ შემთხვევაში, თუ ტესტების სანდოობა იქნება ჩვენი მხრიდანაც დამტკიცებული და მაღალი, ჩვენ მოვახდენთ დამატებითი რაოდენობის შეძენას. ტესტების შერჩევა მიმდინარეობს ინფექციონისტების, ლუგარის ლაბორატორიის რეკომენდაციებით და ჩვენი საელჩოების სრული ჩართულობით. აქედან გამომდინარე, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკეთებთ გადაზღვევას არააკრედიტებული და არააპრობირებული ტესტების ბაზარზე შემოტანისთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ და დასძინა, რომ მარნეულში ჩატანილი ტესტები არის პისიარ (PCR) ტექნოლოგიაზე დამყარებული ძალიან მაღალი სანდოობის.