ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის რისკის ფასად ვერ მივიღებდით გადაწყვეტილებას, რომ ნებისმიერი ღირებულებისა და ხარისხის ტესტი შეგვეძინა
ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის რისკის ფასად ვერ მივიღებდით გადაწყვეტილებას, რომ ნებისმიერი ღირებულებისა და ხარისხის ტესტი შეგვეძინა, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“.
ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა ოპონენტთა განცხადებებზე, სწრაფი ტესტების დაგვიანებით ჩამოტანასთან დაკავშირებით.
„კოვიდ-19“ მსოფლიო მასშტაბის გლობალური გამოწვევაა და ამ გამოწვევის დროს პოლიტიკურ ოპონენტს პოლიტიკურ ოპონენტად არ ჩავთვლიდი. ზოგადად, ამ გამოწვევის დროს მსგავსი პოლემიკის გამართვა სწორად არ მიაჩნია. შემდეგ ვიტყოდი იმას, რომ ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული ნაბიჯები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოში გამოვლენილი 60 შემთხვევა ადასტურებს იმას, რომ ჩვენ გვქონდა საკმაოდ მკვეთრი გათვლები და პროგნოზის შესაძლებლობა, რათა გვცოდნოდა, როდის შეიძლებოდა, ტესტი დაწყებულიყო.
რაც შეეხება ტესტებს, ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხს. ბაზარზე ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი იყო და იყო ბევრი შემოთავაზება, მაგრამ ჩვენ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის რისკის ფასად ვერ მივიღებდით გადაწყვეტილებას, რომ ნებისმიერი ღირებულების და ხარისხის ტესტი შეგვეძინა. ჩვენს ნაბიჯს დაგვიანებულად ნამდვილად ვერ ჩავთვლიდი, ვინაიდან საქართველოში გავრცელება დღესდღეობით, საკმაოდ კონტროლირებადია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამასთან, შეკითხვაზე, ვის ჩაუტარდება სწრაფი ტესტები და რა ჩვენებები იქნება საჭირო იმისთვის, რათა მოქალაქეს სწრაფი ტესტირება ჩაუტარდეს, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, პირველი მიზნობრივი კვლევა ჩატარდება მარნეულში, გარდაბანში და ასევე იმ მოქალაქეებში, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან.
„ჩვენს დაავადებათა კონტროლის ცენტრს გააჩნია საკმაოდ კარგი ხედვა და გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება, დადგენილი იყოს მოსახლეობაში ნებისმიერი ვირუსის გავრცელება. შესაბამისად, ჩვენ სწორედ ამ ალგორითმებს გამოვიყენებთ. ასევე, მიზნობრივ ჯგუფებს და რისკჯგუფებს იმისთვის, რათა დავიწყოთ სწორედ იმ პიროვნებების გამოცნობა, რომლებიც დაავადების გართულების კუთხით რისკჯგუფში ყველაზე მეტად არიან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.