ეკატერინე ტიკარაძე - ჩინეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები კარანტინის პერიოდს თურქეთში გაივლიან
ეკატერინე ტიკარაძე - ჩინეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები კარანტინის პერიოდს თურქეთში გაივლიან

ჩინეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები კარანტინის პერიოდს თურქეთის რესპუბლიკაში გაივლიან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

საუბარია უხანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციაზე.

„ინფორმაცია, რომელიც სულ ახლახანს მივიღეთ თურქეთის რესპუბლიკიდან გახლავთ ის, რომ  თურქეთის თვითმფრინავი ჩინეთის მიმართულებით აფრინდა. ამ ფაქტით შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ჩინეთში იმყოფებიან და მათ გამოთქვეს ევაკუაციის შესახებ თანხმობა, გადმოფრინდებიან თურქეთის რესპუბლიკაში და თურქეთის რესპუბლიკაში გაივლიან იმ კარანტინის პერიოდს, რომელიც ამ დაავადების კუთხითაა დადგენილი. თურქეთის რესპუბლიკა  კარანტინს მართავს მათი პროტოკოლის მიხედვით და ეს არ არის მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკის პროტოკოლი. ამაში აქტიურადაა ჩართული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ყველა ქვეყანას გაგვაჩნია ვალდებულება, გამოვიყენოთ ის პროტოკოლები, რომლებსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაწვდის“ ,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ჩინეთის დატოვებაზე თანხმობა საქართველოს ოთხმა მოქალაქემ განაცხადა.

„ამ დროისთვის თანხმობა განაცხადა ოთხმა მოქალაქემ, თუმცა დაგვიკავშირდა რამდენიმე, რომელიც ტურისტულად იმყოფებოდა იქ და ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას, რათა მათი გამოყვანაც მოხდეს”, – განაცხადა მინისტრმა.

დატოვე კომენტარი