ეკატერინე ტიკარაძე ბავშვთა დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
ეკატერინე ტიკარაძე ბავშვთა დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძემ ბავშვთა დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ამ მიმართულებით არსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს. განიხილეს დიდი ზომის დაწესებულებების დახურვა, ალტერნატიული სერვისების განვითარება/გაძლიერება და ინსტიტუციებში მცხოვრები ბავშვების ოჯახებში დაბრუნება. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების სისტემაში არსებულ სკოლა-პანსიონების შეფასებასა და თითოეული ბავშვის საჭიროებების დადგენას.

„დეინსტიტუციონალიზაცია სახელმწიფოს პრიორიტეტია. ჩვენი მიზანი დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვა და ალტერნატიული სერვისების განვითარება და გაძლიერებაა. სახელმწიფოს მთავარი მიზანი ინსტიტუციებში მცხოვრები ბავშვების ოჯახებში დაბრუნება და ინტეგრაციის ხელშეწყობაა.

ამ მიმართულებით, სამინისტროს პარტნიორი ორგანიზაციები არიან გაერო-ს ბავშვთა ფონდი, WorlVision-ი და ჩეხეთის კარიტასი“, – ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა.

საერთაშორისო პარტნიორმა ორგანიზაციებმა დეინსტიტუციონალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატეს.

„ამ მიმართულებით სამინისტროსთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე დეინსტიტუციონალიზაციის მნიშვნელობასა და როლების გადანაწილებაზე ვიმსჯელეთ, რათა პროცესები სწორად და გამჭვირვალედ წარიმართოს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს საკუთარ ოჯახში ცხოვრების საშუალება. ჩვენი მთავარი მიზანი ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვაა“, – განაცხადა გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ, ემი ქლანსიმ.

მხარეები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ უახლოეს მომავალში შემუშავდება ბავშვთა დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის სამოქმედო გეგმაც.

შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე, სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი თათია გვარამაძე და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.