ეკატერინე ტიკარაძე - ბავშვებზე ზრუნვა სახელმწიფოს პრიორიტეტი, მოვალეობა და პასუხისმგებლობაა
ეკატერინე ტიკარაძე - ბავშვებზე ზრუნვა სახელმწიფოს პრიორიტეტი, მოვალეობა და პასუხისმგებლობაა

დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით, გივი ჟვანიას სახელობის კლინიკის ბაზაზე შეიქმნა ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე შშმ-ბავშვთა სერვისი, სადაც სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი შშმ-ბავშვები მიიღებენ საჭიროებაზე მორგებულ სამედიცინო და სოციალურ მომსახურებას, – ამის შესახებ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, გრძელდება შშმ-ბავშვთა დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვა. შედეგად, მოხდება მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების როგორც ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება, ასევე მინდობით აღზრდაში და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გადანაწილება.

„აღნიშნული სერვისის შექმნაში ჩვენ მნიშვნელოვნად გვეხმარება ამერიკის მთავრობა და ადგილობრივი საქველმოქმედო ფონდები, რისთვისაც მინდა, მათ მადლობა გადავუხადო.

ბავშვის უფლებათა კოდექსში გათვალისწინებული პრინციპებიდან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გაძლიერება.

საყურადღებოა, რომ ქვეყანაში არ არსებობდა სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ბავშვების მხარდაჭერას. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2021 წლიდან ჩამოყალიბდა საჭირო სერვისი, რომელიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.

სახელმწიფო ზრუნვის გაუმჯობესების პარალელურად, ჩვენი მთავარი მიზანია, ოჯახების გაძლიერება, რათა ყველა ბავშვი იზრდებოდეს ოჯახში და მშობელს სოციალური პრობლემების გამო არ უწევდეს შვილებისგან დისტანცირება. სამინისტრო ამ მიმართულებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და მოხარული ვარ, რომ გასულ წელს შევძელით, 105 ბავშვი სახელმწიფო ზრუნვიდან დაგვებრუნებინა მათ ბიოლოგიურ ოჯახებში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.