ეკატერინე ტიკარაძე - ბათუმში ე.წ. ცხელების ცენტრები ამ ეტაპისთვის არიან სრულ მზადყოფნაში
ეკატერინე ტიკარაძე - ბათუმში ე.წ. ცხელების ცენტრები ამ ეტაპისთვის არიან სრულ მზადყოფნაში

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბათუმში ე.წ. ცხელების ცენტრებად გამოყოფილი კლინიკები სრულ მზადყოფნაშია პაციენტების მისაღებად.

ამის შესახებ მინისტრმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„ცხელების ცენტრში ჩვენ დაგვხვდა ნამდვილად ძალიან კარგი მდგომარეობა. ისინი ამ ეტაპისთვის იმყოფებიან სრულ მზადყოფნაში როგორც აღჭურვის თვალსაზრისით, ასევე მათ აქვთ სრულად გააზრებული პაციენტების ნაკადების მართვის ის სქემა, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო მიწოდებული. მათი პერსონალი ასევე არის დატრენინგებული და იციან, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი შესაძლო დაინფიცირებისგან. ვინაიდან თქვენ იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში პერსონალის დაცვა დაინფიცირებისგან, რათა არ მივიღოთ ის სცენარი, რომელიც განვითარდა ჩინეთში და ასევე, იტალიაში. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი ნომერი პირველი ამოცანა დღესდღეობით.

კლინიკის ხელმძღვანელი სრულად ფლობს ყველა იმ საჭირო ინფორმაციას სტანდარტებთან მიმართებაში და ყველა გაიდლაინს. ის არის გაცნობილი პერსონალთან ერთად და მზად არიან მიიღონ პაციენტები“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე ინფორმაციით, რაც შეეხება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რომელიც ასევე იქნება ერთ-ერთი მთავარი სერვისის მიმწოდებელი კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის, ის სულ რამდენიმე დღეში დაიწყებს პირველი ეტაპის პაციენტების მიღებას.

„10 დღეში კი, უკვე 170 საწოლზე იქნება სრულად აღჭურვილი, როგორც საშუალო სიმძიმის, ასევე რთული პაციენტების სამართავად. ამ მიმართულებითაც ტრეინინგები ჩატარებული აქვს პერსონალს, ჩართული არის აჭარის მთავრობა სრულად და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და მინდა, თქვენი ეთერის საშუალებით, მათ კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო იმ მობილიზაციისთვის და იმ ხარისხისთვის, რომელიც მე და პრემიერმა ადგილზე ვიხილეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც რეგიონში მსგავსი მობილიზაცია არის გამოცხადებული და მსგავსი ხარისხით სრულდება ყველა ის მითითება, რომელიც ცენტრიდან არის მათ მიმართ გაგზავნილი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის რეგიონში უკვე გამოყოფილია ორი ე.წ. ცხელების ცენტრი. ვირუსის სიმპტომების შემთხვევაში, ადამიანებს შეეძლებათ, მიმართონ მათ რეგიონში არსებულ ცხელების ცენტრებს, სადაც ჩაუტარდებათ დიაგნოსტირება და განისაზღვრება მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა.