ეკატერინე ტიკარაძე – ბათუმის ჰოსპიტალებში მოთავსებული პაციენტების 15 პროცენტი დღეს სასტუმროში გადავა

12:43, 09.09.2020

ბათუმის ჰოსპიტალებში მოთავსებული პაციენტების 15 პროცენტი დღეს სასტუმროში გადავა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც თბილისში მყოფი კოვიდინფიცირებული პაციენტების აღწერა დასრულდება, მათი კლინიკიდან სასტუმროში გადაყვანის პროცედურა დედაქალაქშიც დაიწყება.

„პირველ ეტაპზე გამოყოფილია სამი სასტუმრო, რომელიც სრულად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რა ეპიდსიტუაციაც დღეს გვაქვს და რა დატვირთვაც დღეს ჩვენს საავადმყოფოებშია. ამ ეტაპისთვის საქართველოში კოვიდინფიცირებულთათვის 600 საწოლია გამოყოფილი და აქედან დატვირთულია მხოლოდ 65 პროცენტი, მაგრამ 65 პროცენტის დატვირთვის შემთხვევაშიც, ამ ეტაპზე არსებობს რესურსი, რომ იქ მოთავსებული პაციენტები გადავიყვანოთ სასტუმროებში.

ბათუმში უკვე მოხდა პაციენტების გაფილტვრა და ბათუმის ჰოსპიტალებში მოთავსებული პაციენტების 15 პროცენტი დღეს გადავა სასტუმროში. თბილისში მიმდინარეობს მონიტორინგი, რომ პაციენტების დეტალური აღწერა მოხდეს და სასტუმროში გადაყვანის შემთხვევაში, მათ რისკი არ შეექმნათ და უკვე თბილისშიც დავიწყებთ ამ პროცედურას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

დღეიდან, 18-დან 65 წლამდე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები, რომლებსაც ქრონიკული დაავადება არ აქვთ და არიან უსიმპტომოები, სასტუმროებში იმკურნალებენ.

მსგავსი