ეკატერინე ტიკარაძე - არ არის საჭირო, ვეძებოთ ინტრიგა, რომელიც არ არსებობს
ეკატერინე ტიკარაძე - არ არის საჭირო, ვეძებოთ ინტრიგა, რომელიც არ არსებობს

არ არის საჭირო, ვეძებოთ ინტრიგა, რომელიც არ არსებობს, – ასე უპასუხა საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მოქმედმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას, დაიწყო თუ არა საუბარი ვინ შეცვლის მას ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე. როგორც ტიკარაძემ განაცხადა, მის შემცვლელს პრემიერი დაასახელებს.

„ეს არის პრემიერის პრეროგატივა, დაასახელოს და აარჩიოს მომდევნო მთავრობის წევრი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კითხვაზე, რატომ არ ესწრებოდა დღეს მთავრობის დღევანდელ სხდომას, იყო თუ არა ეს მისი მხრიდან პროტესტი, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ „არანაირი პროტესტი არ ყოფილა, ამის საფუძველი არ არსებობს“.

„საერთოდ, მიმაჩნია, რომ პროტესტი არის დესტრუქცია. მოვუწოდებ ზოგადად საზოგადოებას, რომ არ მიმართონ არანაირი პროტესტის ფორმას და ამას რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან ისედაც არ დავუშვებ. გთხოვთ, ნუ ეძებთ ინტრიგებს, რადგან ის უბრალოდ არ არსებობს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა. ტიკარაძის თქმით, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.

ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად 2019 წლის 18 ივნისს დაინიშნა.