ეკატერინე ტიკარაძე - მიზანი არ არის ქვეყნის ჩაკეტვა, პირველ ეტაპზე ჩვენი ამოცანა იყო, შესაბამისად მომზადებულიყო ჯანდაცვის სისტემა
ეკატერინე ტიკარაძე - მიზანი არ არის ქვეყნის ჩაკეტვა, პირველ ეტაპზე ჩვენი ამოცანა იყო, შესაბამისად მომზადებულიყო ჯანდაცვის სისტემა

ამ ეტაპზე, კვლავ შევეცდებით, კომუნიკაციისა და მოწოდებების საშუალებით გავაუმჯობესოთ ხარისხი, რათა ინფექცია არ გავრცელდეს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, საკარანტინე პროგრამისთვის 30 მილიონის გამოყოფა ხომ არ ნიშნავს, რომ ქვეყანა მეორე ტალღას ელოდება.

ამასთან, როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, დღესდღეობით ჯანდაცვის სისტემის მზაობა უკეთესია. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით საკარანტინო სივრცეები იქნება გამოყენებული.

„გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობა განსაკუთრებით ფრთხილია და ჩვენ ეს ბათუმის მაგალითზე დავინახეთ. მათ ნახეს, როგორი არის რიცხოვნობის ზრდა. ჩვენ ამ ეტაპზე კვლავ შევეცდებით, კომუნიკაციისა და მოწოდებების საშუალებით გავაუმჯობესოთ ხარისხი, რომ ინფექცია არ გავრცელდეს.
მიზანი არ არის ქვეყნის ჩაკეტვა. პირველ ეტაპზე ჩვენი მიზანი იყო, შესაბამისად მომზადებულიყო ჯანდაცვის სისტემა. დღესდღეობით, ჯანდაცვის სისტემის მზაობა უკეთესია, მაგრამ კარანტინის შემთხვევები და მათი მართვა საკარანტინო პირობებში არის ძალიან მნიშვნელოვანი. არაერთი ქვეყანა აღნიშნავს, რომ კარანტინის მსგავსი ფუნქციონირება საქართველოს  წარმატების ერთ-ერთი ნიშანია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით საკარანტინო სივრცეებს გამოვიყენებთ“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

 

დატოვე კომენტარი