ეკატერინე ტიკარაძე - ახალი აპლიკაციით მოქალაქეებს ექნებათ ინფორმაცია იმ შემთხვევაშიც კი, როცა თვითონ არ არიან ინფიცირებული, მაგრამ შემთხვევით იყვნენ ინფიცირებულთან კონტაქტში
ეკატერინე ტიკარაძე - ახალი აპლიკაციით მოქალაქეებს ექნებათ ინფორმაცია იმ შემთხვევაშიც კი, როცა თვითონ არ არიან ინფიცირებული, მაგრამ შემთხვევით იყვნენ ინფიცირებულთან კონტაქტში

ახალი აპლიკაციით მოქალაქეებს ექნებათ ინფორმაცია იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც თვითონ არ არიან ინფიცირებული, მაგრამ შემთხვევით იყვნენ ინფიცირებულთან კონტაქტში, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.

„მნიშვნელოვანია ის, რომ აპლიკაციის გამოყენება ძალიან მარტივია ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათ ექნებათ ინფორმაცია იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც თვითონ არ არიან ინფიცირებული, მაგრამ შემთხვევით იყვნენ ინფიცირებულთან კონტაქტში და მოუვათ ხმოვანი შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ექიმს უნდა მიმართონ და მოხდეს მათი გადამოწმება ან იზოლაცია, რითაც, ერთი მხრივ, ჯანდაცვის სისტემა მოახდენს ფაქტის დროულ იდენტიფიცირებას და ამით ჩვენ შევძლებთ, მოხდეს ჯაჭვის გახლეჩა, რაც ინფექციის გავრცელების მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია; შევძლებთ დროული მკურნალობის დაწყებას და თავის მხრივ, ჩვენი მოქალაქე შეძლებს,  ახლობლები თავისი მხრიდან ინფიცირებისგან დაიცვას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამ განცხადებით ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რას ნიშნავს ახალი მობილური აპლიკაცია, რომელიც მოსახლეობას დაავადების გავრცელების გეოგრაფიული არეალის განსაზღვრაში დაეხმარება.

შეკითხვაზე, როგორ უნდა დარეგისტრირდნენ მოქალაქეები და როგორ უნდა გამოიყენონ ის, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ დეტალური ანოტაცია ხვალ გახდება ცნობილი, თუ როგორ უნდა მოხდეს აპლიკაციის ჩამოტვირთვა. 

„ტელევიზიებს შეგეძლებათ, პირდაპირ ეთერში ჩაერთოთ და ამ ყველაფერს გაეცნოთ. ასევე, რა თქმა უნდა, ეს დაიდება ჩვენ საიტზე და სამთავრობო საიტზე, StopCov.ge-ზე, რომელიც არის ჩვენი ერთობლივი საიტი. მოქალაქეები აქ მიიღებენ ინფორმაციას აპლიკაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მობილური აპლიკაცია ავსტრიელი კოლეგების მხრიდან არის შემუშავებული და კანონმდებლობის კუთხით ევროპის სახელმწიფოებს არის მორგებული.

„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოება. მსგავსი აპლიკაცია გამოყენებული იყო კორეაში და ძალიან წარმატებულად. ჩვენ საუკეთესო პრაქტიკას მივდევთ და აქედან გამომდინარე გამოვთქვით სურვილი, რომ ჩვენი მოსახლეობის დასაცავად ეს მეთოდი ერთ-ერთ ინსტრუმენტად გამოგვეყენებინა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, აპლიკაცია ნებაყოფლობითია, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს დამოკიდებულია ჩვენი მოქალაქეების მოტივაციაზე, მათ სოციალურ და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე, რაც დარწმუნებული ვარ, ჩვენს მოქალაქეებს აქვთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.