ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ თეკლა თორდიას საქმეს რეგულირების სააგენტო სწავლობს
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ თეკლა თორდიას საქმეს რეგულირების სააგენტო სწავლობს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ 19 წლის თეკლა თორდიას საქმეს რეგულირების სააგენტო სწავლობს.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მისი დავალებით რეგულირების სააგენტოს მხრიდან შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც მოიძია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს შესწავლა.

„დღეს დავიწყებ სამძიმრით, მივუსამძიმრებ თეკლას ოჯახს, უპირველესად, და მთელ საქართველოს. ნამდვილად ძალიან ტრაგიკული ფაქტი მოხდა, ამას ვერ დავტოვებდით ჯანდაცვის სამინისტროში ყურადღების გარეშე. გუშინ ჩემი მყისიერი დავალებით, რეგულირების სააგენტოს მხრიდან შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც მოიძია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა. როგორც კი გარკვეული დასკვნები იქნება გაკეთებული, ისინი განაცხადებენ, თუ რომელი ხარვეზების გამო მოხდა მსგავსი ლეტალური შედეგის დადგომა. ჩემი ხელმძღვანელობით, ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით ნამდვილად გაეცემა პასუხი ყველა იმ შეკითხვას, რომელსაც საზოგადოება ელოდება და ეს შეკითხვები უპირველეს ყოვლისა, პასუხგაცემული მესაჭიროება, რათა აღარ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ყველა საკითხს, თუ რატომ მოხდა პაციენტის დაყოვნება, რატომ არ დატოვეს თეკლა თორდია პირველ საავადმყოფოში, სადაც ის იყო სადიაგნოსტიკოდ მიყვანილი, სწავლობს რეგულირების სააგენტო.

„ჩვენ გვექნება დეტალური პასუხები ამასთან დაკავშირებით, რომ არ ვისაუბროთ ვარაუდებზე, ასეთ მტკივნეულ საკითხზე. საზოგადოებისთვისაც და თქვენთვისაც ალბათ ნამდვილად უმჯობესია, გვქონდეს ყველა კითხვაზე დეტალური პასუხი. პირველი წერტილიდან ბოლო წერტილამდე მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას. თეკლა თორდიას საქმეზე რეგულირების სააგენტო გამართავს ბრიფინგს, როგორც კი დასრულდება პირველადი მოკვლევა ყველა დოკუმენტაციის, რომელიც უკვე მათ აქვთ. პირველი ზარიდან ბოლო წერტილამდე ეს კვლევა დაწყებულია, დოკუმენტაცია უკვე არის აკრეფილი, ასევე აუდიოჩანაწერები, ზარის განხორციელების პროცესში, ვიდეოჩანაწერები, ყველა ისტორია თეკლაზე უკვე არის რეგულირების სააგენტოში, სადაც ამ საკითხს სწავლობენ და გამართავენ ამასთან დაკავშირებით ბრიფინგს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, მძიმე პაციენტები დაუყოვნებლივ რომ მოხვდნენ კლინიკაში და არ იყოს არანაირი შეფერხება, ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროში ფუნქციონირებს მობილური ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობენ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მონიტორები და ჩართულია ყველა კლინიკური წარმომადგენელი იმ საბჭოდან, რომელიც კოვიდპანდემიას მართავს.

„ვმუშაობთ, რომ მოხდეს პაციენტების სწორი შეფასება და სწორი ბრუნვა ყველა იმ კლინიკაში, სადაც კოვიდპაციენტები არიან განთავსებული, გადიან მკურნალობას, საჭიროებენ დამატებით ღონისძიებებს ან საჭიროებენ სტაბილიზაციით გაწერას ბინაზე. სწორედ ის არის სამუშაო, რომელსაც ასრულებს დამატებით ჯანდაცვის სამინისტრო“, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეკითხვაზე, თეკლა თორდიას საქმეზე გადაცდომები თუ დადგინდა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა, აიღებს სისტემა და აიღებს ის ექიმი, ვისაც ეს გადაცდომა მოუვიდა.

„ამას დაადგენს რეგულირების სააგენტო და პროფესიული საბჭო, რომელიც განიხილავს თეკლა თორდიას საქმეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.