ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სტომატოლოგიური კლინიკების გახსნის გადაწყვეტილებას შრომითი ინსპექციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მიიღებენ
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სტომატოლოგიური კლინიკების გახსნის გადაწყვეტილებას შრომითი ინსპექციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მიიღებენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სტომატოლოგიური კლინიკების გახსნის გადაწყვეტილება, ისევე, როგორც სხვა სექტორების გახსნისას, შრომითი ინსპექციის სამსახურის მიერ დეტალური შესწავლის საფუძველზე იქნება მიღებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიდგომა სექტორების გახსნის კუთხით არის ეტაპობრივი.

„შრომითი ინსპექციის სამსახური დეტალურად სწავლობს ყველა კომპანიას და ყველა სექტორს, იმ რისკებისა და საფრთხეების მიხედვით, რომლებიც მათ აქვთ. გამომდინარე აქედან, არის შექმნილი საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ყველა კლინიკას და ასევე ყველა სხვა დაწესებულებას, რომელიც ეტაპობრივად უნდა გაიხსნას საქართველოში და უკვე შრომითი ინსპექციის მხრიდან მიღებული დასტურის შედეგად, თუ რომელი სექტორი რამდენად არის მზად და ასევე, ეს სექტორები რომელ ეტაპზე არიან განთავსებული, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის იქნება მათი გახსნა დაგეგმილი და გამოვაცხადებთ უკვე შესაბამის რიცხვსაც“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.