ეკატერინე ტიკარაძე - პირდაპირ მომწოდებელთან გვაქვს მოლაპარაკება „ფაიზერის“ მილიონ დოზაზე, ზუსტდება მოწოდების თარიღი და ეტაპები
ეკატერინე ტიკარაძე - პირდაპირ მომწოდებელთან გვაქვს მოლაპარაკება „ფაიზერის“ მილიონ დოზაზე, ზუსტდება მოწოდების თარიღი და ეტაპები

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აცრილია 24 000-მდე ადამიანი.

„16 000 ადამიანს აქვს ჯავშანი, ჩვენ დამატებით გვაქვს 20 000 ვაქცინამდე რეზერვი, აქედან გამომდინარე, შეიძლება ჩაითვალოს, რომ აპრილის ბოლომდე ჩვენ გვაქვს ის მოცულობები, რომლითაც დავფარავთ იმ ადამიანების მნიშვნელოვან წილს, ვისთვისაც დიდ რისკს წარმოადგენს კოვიდით ინფიცირება. ჩვენ მიერ შემუშავებული კალენდარი არის წარდგენილი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის, ასევე „კოვაქს“ პლატფორმისთვის, ეს არის საერთაშორისოდ შეთანხმებული კალენდარი, რომელიც ითვალისწინებს მაქსიმალური ეფექტის მიღებას და მაქსიმალურ ეფექტში ჩვენ ვგულისხმობთ, რომ უნდა იყვნენ აცრილი ის ადამიანები, ვისთვისაც ყველაზე მაღალ რისკს წარმოადგენს კოვიდინფექცია. სწორედ 55 წელს ზევით და ქრონიკული დაავადების მქონე პირები წარმოადგენენ იმ ჯფგუფს, ვისთვისაც ეს ინფექცია ყველაზე მაღალი რისკის შემცველია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, მინისტრის განმარტებით, საქართველოს პირდაპირ მომწოდებელთან აქვს მოლაპარაკება „ფაიზერის“ მილიონ დოზაზე, კერძოდ, ზუსტდება მოწოდების თარიღი და ეტაპები.

„რაც შეეხება „ფაიზერის“ შემდეგ მოწოდებას, ჩვენ გვაქვს მილიონ დოზაზე მოლაპარაკება პირდაპირ მომწოდებელთან, რომლისგანაც გვაქვს თანხმობა მიღებული და არის კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაზუსტდეს, თუ როგორი იქნება შემდეგი მოწოდების ეტაპები, რამდენ ეტაპიანი იქნება მოწოდება, ასევე განისაზღვროს ის თარიღი, როდესაც შემდეგი მოცულობა „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა პირდაპირ მწარმოებლის მხრიდან, გამორიცხულია, რომ ეს იყოს აპრილში, ზუსტდება თარიღი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

#კოვიდ19 გაუარესებული ეპიდვითარება – სტუმრები: ეკატერინე ტიკარაძე, პაატა იმნაძე, ბიძინა კულუმბეგოვი