ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის მართვის თვალსაზრისით აჭარაში ყველაზე უკეთესი მდგომარეობაა
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის მართვის თვალსაზრისით აჭარაში ყველაზე უკეთესი მდგომარეობაა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აჭარაში „კოვიდ-19“-ის მართვის მიმართულებით არსებულ სიტუაციას საქართველოში საუკეთესოს უწოდებს.

ეკატერინე ტიკარაძემ დღეს ბათუმში ჯანდაცვის ობიექტები მოინახულა და აჭარის მთავრობაში შეხვედრა გამართა.

„აჭარაში არის ყველაზე უკეთესი მდგომარეობა, როგორც პაციენტების მართვის კუთხით, ასევე ინფრასტრუქტურული მზაობითაც. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ნებისმიერ შემთხვევაში არ არის საკმარისი. გამომდინარე იქიდან, რომ აჭარის რეგიონი არის საკმაოდ დიდი და ის გარკვეულწილად მოიცავს ასევე გურიის რეგიონის მართვასაც, ძალიან მნიშვნელოვანია, დეტალურად ვიცოდეთ აქ მიმდინარე პროცესების შესახებ. აქედან გამომდინარე იყო დაგეგმილი ეს ვიზიტი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.