ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კლინიკური ნიშნების არსებობის შემთხვევაში, ტურისტებს „პისიარ“ ტესტი უფასოდ ჩაუტარდებათ
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კლინიკური ნიშნების არსებობის შემთხვევაში, ტურისტებს „პისიარ“ ტესტი უფასოდ ჩაუტარდებათ

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ 20 დღეზე მეტია, საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით არის სტაბილური მდგომარეობა.

მინისტრის თქმით, დღეს დაფიქსირდა მხოლოდ ერთი შიდა გადაცემა, რაზეც მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა.

„ყველა სხვა შემთხვევა არის შემოტანილი მძღოლების მხრიდან, რომლებიც ტვირთების გადაზიდვას ახდენენ. პროცესი არის სრულად კონტროლირებადი“, – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

რაც შეეხება საზღვრების გახსნის შემდეგ „პისიარ“ ტესტირების პროცედურას, მინისტრის თქმით, თუკი იქნება კლინიკური შემთხვევა, ტესტი უფასოდ ჩატარდება.

„ძირითადად, ბიზნეს ვიზიტორებისთვის და ინდივიდუალური საჭიროებისთვის, პაციენტის სურვილიდან გამომდინარე, „პისიარ“ ტესტი იქნება ფასიანი. თუ ეს არის კლინიკური ჩვენება, ამ შემთხვევაში, „პისიარ“ ტესტი იქნება უფასო.

უფასო ტესტირების რესურსი საქართველოს აქვს და როდესაც ადამიანს აქვს კლინიკურად დადასტურებული საჭიროება, ამ საჭიროებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები ფარავს, როგორც „კოვიდის“ შემთხევაში, ასევე სხვა შემთხვევებშიც. შესაბამისად, ეს უკვე არის გარკვეული პროგრამა რომელსაც ჩვენ ვაფინანსებთ“, – აცხადებს ტიკარაძე.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა, რა შემთხვევაში შეიძლება, შიდა რეგულაციები ისევ გამკაცრდეს და შეიზღუდოს ფრენები ევროპის ქვეყნებთან.

„ჩვენ გვაქვს გარკვეული შუქნიშანი, სადაც არის მოცემული სამი კომპონენტი – ქვეყანაში საწოლების რაოდენობა და მათი დატვირთვა, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი და ასევე, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაფიქსირებული გავრცელება. ჩვენ ვაკვირდებით ამ შუქნიშანს და იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა მძიმდება, ვიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, რომ გავამკაცროთ ან შევზღუდოთ გარკვეული ფრენები და ასევე, შიდა რეგულაციებიც გავამკაცროთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.