ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კარანტინიდან ადამიანების გაშვების რამდენიმე შემთხვევა იყო, თუმცა ეს ყველაფერი უსაფრთხოდ იმართებოდა
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კარანტინიდან ადამიანების გაშვების რამდენიმე შემთხვევა იყო, თუმცა ეს ყველაფერი უსაფრთხოდ იმართებოდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კარანტინიდან ადამიანების გაშვების რამდენიმე შემთხვევა იყო, თუმცა ეს ყველაფერი უსაფრთხოდ იმართებოდა.

ეკატერინე ტიკარაძემ კომენტარი გააკეთა ზუგდიდში კარანტინიდან ერთ-ერთი პირის გაყვანის საკითხზე.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ყველა საჭირო დაცვის საშუალებებით გადის ადამიანი კარანტინიდან, მაგრამ მასზე მიმდინარეობს დაკვირვება.

„ეს ადამიანი არის ჭირისუფალი, ჩვენ გვქონია არაერთი მსგავსი შემთხვევა ამ ხუთი თვის მანძილზე, როდესაც ჩვენ ვითვალისწინებთ ადამიანების მდგომარეობას. ყველა საჭირო დაცვის საშუალებებით გაგვყვას ადამიანი ჭირისუფლად, მაგრამ ვაწარმოებთ დაკვირვებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, იყო სხვა შემთხვევებიც, რომლებიც უსაფრთხოდ იმართებოდა. ამ შემთხვევაში მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა, რის შემდეგაც შესაძლოა, ანამნეზმა აჩვენოს, რომ მას გადატანილი აქვს კოვიდინფექცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ზუგდიდში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გუშინ დადასტურდა. ინფიცირებული 70 წლამდე ასაკის მამაკაცია. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ინფიცირებული პირი ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან 12 ივნისს შემოვიდა. ის შემოსვლისთანავე გადაიყვანეს კარანტინში, ჩაუტარდა „პისიარ“ კვლევა, რომლის უარყოფითი პასუხის შემდგომ, 14 ივნისს დროებით გაათავისუფლეს კარანტინიდან, რის მიზეზადაც ძმის გარდაცვალება სახელდება. ის გასვენებაში ზუგდიდში იმყოფებოდა.