ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დავალებით, შრომის ინსპექცია კლინიკებში ხარვეზებს სწავლობს
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დავალებით, შრომის ინსპექცია კლინიკებში ხარვეზებს სწავლობს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განაცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს დავალებით, შრომის ინსპექცია კლინიკებში ხარვეზებს სწავლობს.

ტიკარაძის თქმით, შესწავლის შედეგად კლინიკებში გარკვეული სახის დარღვევები გამოვლინდა, თუმცა ამ კუთხით სრული სურათი როდესაც იქნება, დასკვნას გამოაქვეყნებენ და საზოგადოებას გააცნობენ.

„ეს იყო პირველ რიგში, სამინისტროს დაინტერესება და დავალება, რათა მომხდარიყო იმ ხარვეზების შესწავლა, რომლებიც ჩვენამდე მოვიდა პერსონალის მხრიდან. ამ ეტაპისთვის რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, 111 კლინიკიდან გამოკვლეული არის 110 კლინიკა, რომლებიც ჩართული არიან კოვიდპანდემიის მართვაში. ასევე დღეიდან დაიწყება სხვა კლინიკებთან მიმართებით შრომის ინსპექციის სამსახურის ჩართულობა. დღეს ისინი ასევე შევიდნენ რუსთავის ერთ-ერთ სამშობიარო სახლში, სადაც იყო გამოვლენილი გარკვეული დარღვევა ანაზღაურებასთან მიმართებით. ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს სრული სურათი, თუმცა დარღვევები ნამდვილად არის სახეზე. მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექცია გააკეთებს კლინიკებთან კომუნიკაციის შემდეგ შეჯერებულ დასკვნას, ჩვენ ამას გავასაჯაროებთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.