ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ იზრდება იმ კლინიკების რაოდენობა, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად მზად არიან
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ იზრდება იმ კლინიკების რაოდენობა, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად მზად არიან

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ იზრდება იმ კლინიკების რაოდენობა, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად მზად არიან.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ხდება კლინიკების მონიტორინგი და მათი აღჭურვილობის სრულყოფა.

„დღესდღეობით უკვე 20 კლინიკაა საქართველოს მასშტაბით სრულად მობილიზებული, რომ მიიღოს კორონავირუსით დადასტურებული და ასევე ცხელების ნიშნების მქონე პაციენტები. გარდა ამისა, ორშაბათიდან ჩაერთვება კიდევ დამატებით ცხრა კლინიკა და პაციენტების ზრდასთან ერთად, შესაძლებლობა არის, ჩაერთოს დამატებით კიდევ ექვსი კლინიკა, რომელიც იქნება სრულად მობილიზებული „კოვიდთან“ ბრძოლაში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რეგულირების სააგენტოს ყველა თანამშრომლები ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს ამ ჰოსპიტლებზე, რის შედეგადაც, გვაქვს მუდმივი უკუკავშირი და ყველა იმ საჭიროებისა და პრობლემატიკის აღრიცხვა ხდება, რომელიც ფიქსირდება საავადმყოფოებში.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაუმჯობესებთ ხარისხს და ვცდილობთ, რომ იყოს ყველა საჭირო ინვენტარი და პირადი დაცვის საშუალებები ექიმებისთვის, რომლებიც მართავენ ამ რთული ინფექციით დაავადებულ პაციენტებს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეტაპობრივად 31 საავადმყოფო ჩაერთვება რეგიონებში, რომლებიც მიიღებენ „კოვიდის“ პაციენტებს და ასევე ცხელების პაციენტებს. მოხდება მათ ტრიაჟი ადგილზე და შესაბამისად, გადამისამართებული იქნებიან ან სახლში, თვითიზოლაციაში, საკარანტინო ზონაში, ოჯახის ექიმის მართვის კუთხით და რთულ შემთხვევებში, გადაყვანილი იქნებიან საავადმყოფოებში, სადაც მოხდება უკვე მათი ჰოსპიტალში განთავსება და ექიმების მხრიდან მათი მკურნალობის დაწყება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.