ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის კარანტინის წესებთან დაკავშირებით ხვალ იმსჯელებენ
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის კარანტინის წესებთან დაკავშირებით ხვალ იმსჯელებენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ყველა ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის შერჩევითი პრინციპით ხელმისაწვდომი იქნება.

„რაც შეეხება ჩვენს მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც იცით, მათთვის ჩვენ ხელმისაწვდომი გავხადეთ ვაქცინაციის პროცესი და რა თქმა უნდა, ყველა ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვა, მათთვისაც შერჩევითი პრინციპით იქნება ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე: „გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა კიდევ ვერ ახერხებს კარანტინის გარეშე გადმოსვლას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. იგეგმება თუ არა 5-დღიანი კარანტინის გაუქმება“, – ტიკარაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხვალ საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ და გადაწყვეტილებას საზოგადოებას გააცნობენ.

„კარანტინთან დაკავშირებით, ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროში ვისაუბრეთ. გვაქვს გარკვეული მონახაზი, რომელიც ხვალ საბჭოზე იქნება განხილული და შემდეგ ნაბიჯებზე ერთობლივად  მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამასაც გაგაცნობთ ხვალ“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.