ეკატერინე ტიკარაძე აჭარის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ეკატერინე ტიკარაძე აჭარის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანიის „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში ეკატერინე ტიკარაძე მშენებლობისა და ტურიზმის მიმართულებით აჭარის რეგიონის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

ღონისძიების მიზანს ეკონომიკის გახსნისა და შრომის უსაფრთხოების კულტურის ხელშეწყობის მიმართულებით ბიზნესსექტორის ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა, განსაკუთრებით მშენებლობისა და ტურიზმის მიმართულებით.

„პანდემიის შემდგომ მკვეთრად გაიზარდა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის როლი და მოვალეობები. ჩვენი, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, შრომის ინსპექციის მიერ ბიზნესისთვის შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეამცირებს როგორც მათი მომხმარებლების, ასევე თანამშრომლების ინფიცირების რისკს. სწორედ ამიტომ, მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მოვუწოდო ბიზნესსექტორს, სრულყოფილად მიჰყვნენ აღნიშნულ რეკომენდაციებს, რაც არის ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის გარანტი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეკონომიკური საქმიანობების ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის მიერ გატარებული ზომების კომბინირებული აღსრულება, არა მხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ასევე შრომის უსაფრთხოების კულტურის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

„მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ქვეყნის უმთავრესი ღირებულება მისი მოქალაქეები და მათი ჯანმრთელობაა და აღნიშნულის დასაცავად, როგორც სახელმწიფომ, ასევე ბიზნესმა ერთიანი ძალებით უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეხვედრაზე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ გამართა პრეზენტაცია შრომის ინსპექციის მიერ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციის თაობაზე შემუშავებულ რეკომენდაციებზე. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს შრომის უსაფრთხოების როლზე სამუშაო ადგილებზე. ბექა ფერაძემ აპლიკაცია „მშენებლობის უსაფრთხოება“ წარადგინა.

შეხვედრას აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და რეგიონის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დატოვე კომენტარი