ეკატერინე ტიკარაძე - აჭარაში საწოლების დეფიციტი არ არის, კოვიდკლინიკების დატვირთულობა ​ამ ეტაპზე 50 პროცენტს შეადგენს
ეკატერინე ტიკარაძე - აჭარაში საწოლების დეფიციტი არ არის, კოვიდკლინიკების დატვირთულობა ​ამ ეტაპზე 50 პროცენტს შეადგენს

აჭარაში საწოლფონდი მობილიზებულია, ამ ეტაპზე კოვიდკლინიკების დატვირთულობა ​50 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, მინისტრის თქმით, კლინიკაში 154 პაციენტი იმყოფება.

„კლინიკურ ჯგუფთან ერთად გავეცანით პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას. რეანიმაციულ პალატაში დაკვირვებას 12 პაციენტი გადის, რომლებიც საყურადღებო არიან. არც ერთი არ არის აპარატდამოკიდებული.
მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ საყურადღებო. გეგმურად მიმდინარეობს ყველა პაციენტის მკურნალობა და კლინიკა მობილიზებულია დამატებითი პაციენტების მიღებაში. აღსანიშნავია, რომ აჭარაში საწოლფონდის მობილიზაცია სრულად არის უზრუნველყოფილი და ამ ეტაპისთვის კოვიდკლინიკების დატვირთულობა შეადგენს 50 პროცენტს“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, საწოლფონდი მზად არის, რათა მიიღოს პაციენტების დამატებითი ნაკადი.

„ჩვენ ასევე დღეს დილით გვქონდა დამატებითი შეხვედრა გადაუდებელი დახმარების ცენტრის აჭარის წარმომადგენლებთან. მათგან დეტალური ინფორმაცია მივიღე. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს პაციენტების გადმოყვანა კვლევებისთვის კლინიკებში, რათა შემდგომში მათი გადანაწილება მოხდეს, როგორც ჰოსპიტლებში, ისე საკარანტინო სასტუმრო სივრცეებში. მნიშვნელოვანია, რომ საკარანტინო სივრცეებში პაციენტების გამოჯანმრთელება შეინიშნება. მათი მდგომარეობა არის სტაბილური“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, საყურადღებოა მხოლოდ აჭარის მდგომარეობა.

„სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ჯერ კიდევ გვესაჭიროება გარკვეული დაკვირვება, თუ როგორი იქნება ინფიცირებულთა რიცხვი მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. ამის შემდგომ უკვე შეგვიძლია, ვისაუბროთ, თუ რამდენად დაექვემდებარა კონტროლს აჭარის რეგიონი და რამდენად ეფექტიანი იყო ყველა განხორციელებული ღონისძიება. ამაზე ერთი კვირის შემდეგ ვისაუბროთ და შევაჯამოთ“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, აჭარაში გამართული ყველა მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა.

„მადლობა გადავუხადე აჭარის ჰოსპიტალურ სექტორს მათი მზაობისთვის, მათი სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რომელიც დააფიქსირეს. ამ ეტაპისთვის, რეგულირების სააგენტოსთან ერთად, ბაუს ჰოსპიტლების ისე მოწყობა მიმდინარეობს, რომ განთავსებული არაკოვიდპაციენტების გადამისამართება სხვა კლინიკებში მოხდება, რათა ჰიბრიდულ რეჟიმში ვიმუშაოთ ბაუს კლინიკასთან და შესაბამისად, ეს ყოველივე აღსრულდება იმ საჭიროების შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა, ეს დადგა. ამ ეტაპისთვის საწოლფონდის დეფიციტი ჰოსპიტალში განსათავსებელი პაციენტებისთვის აჭარაში არ არის“, – დასძინა ეკატერინე ტიკარაძემ.