ეკატერინე ტიკარაძე - აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება
ეკატერინე ტიკარაძე - აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება.

„ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან. ისინი, რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც ჩვენ გავცემთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამოცდები ჩატარდება სრულიად უსაფრთხოდ ყველა იმ აბიტურიენტისთვის, რომელიც წელს აპირებს გამოცდებში მონაწილეობის მიღებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ მიაჩნიათ, რომ სასწავლო პროცესმა შესაძლოა, გადაიწიოს.

„თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც სხვა ქვეყნები, ვემზადებით იმისთვის, რომ როგორც ახლა, ასევე სექტემბერში მოგვიწევს კოვიდთან ერთად თანაცხოვრება. შესაბამისად, ჩვენი შვილებიც უნდა მოვამზადოთ ამ პროცესებისთვის, რათა მათ შეძლონ, შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, კითხვაზე, ჩაიწერება თუ არა პირბადეების ტარება კანონის დონეზე, ტიკარაძემ უპასუხა, რომ ეპიდვითარებაზე დაკვირვებით, შესაძლებელია პანდემიასთან ბრძოლისთვის ეფექტური საკანონმდებლო ცვლილება, თუმცა ამ კონკრეტულ ცვლილებაზე ამ ეტაპზე კონსულტაცია არ მიმდინარეობს.

„თქვენ იცით, რომ ამ სამთავრობო კომისიაში, რომელიც მუშაობს კოვიდთან სტრატეგიულ ბრძოლაზე, ჩვენთან ერთად ჩართულები არიან პარლამენტის წარმომადგენლები. შესაბამისად, იმაზე დაკვირვების შედეგად, თუ როგორი იქნება ეპიდსიტუაცია, ისინი მზად არიან, მიიღონ საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პანდემიასთან ბრძოლისთვის იქნება ეფექტური, თუმცა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, ჩვენ ამ ეტაპზე კონსულტაციებს არ გავდივართ“, – განაცხადა მინისტრმა.