ეკატერინე სხილაძე – სახალხო დამცველი მიესალმება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას

11:30, 22.01.2018

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით არსებული კანონმდებლობა არ არის მორგებული ადამიანის უფლებების დაცვაზე, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და არასამთავრობოებთან ერთად ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თემაზე იმსჯელებენ.

ეკატერინე მხილაძე მიიჩნევს, რომ არსებული სადამსჯელო ღონისძიებები ართულებს რეაბილიტაციის თუ ჯანსაღი რეაგირების შესაძლებლობებს.

„სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს ჰუმანური და მორგებული ადამიანის უფლებების დაცვაზე, ასევე მიესალმება აღნიშნულ კანონპროექტს და მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ პირადი მიზნით მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთას არ ითვალისწინებდეს მოქმედი კანონმდებლობა და ამ მიზნით განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები. რასაც ჩვენ ვაკვირდებით და ცხადჰყოფს სახალხო დამცველის პრაქტიკა, ხშირ შემთხვევაში არსებული ნარკოპოლიტიკის გამო, ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებს ვაწყდებით და ეს არ არის მორგებული და ორიენტირებული ამ ადამიანთა დახმარებისთვის, არამედ სადამსჯელო ღონისძიებების არსებობა ართულებს რეაბილიტაციისა თუ ჯანსაღი რეაგირების შესაძლებლობებს“, – განაცხადა ეკატერინე სხილაძემ.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, თუმცა საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, რომ საკითხზე დამატებითი მსჯელობა გაიმართოს, ცვლილებების განხილვა დროებით შეჩერებულია.

მსგავსი