ეკატერინე სხილაძე - ოჯახური ძალადობის მსხვერპლთ მხარდაჭერის მეტი სერვისი სჭირდებათ
ეკატერინე სხილაძე - ოჯახური ძალადობის მსხვერპლთ მხარდაჭერის მეტი სერვისი სჭირდებათ

როგორც ოჯახური ძალადობის მსხვერპლები აცხადებენ, პოლიციას მეორედ იმიტომ არ მიმართავენ, რომ მათ მოძალადის მიმართ პოლიციელების მხრიდან შემწყნარებლური დამოკიდებულება იგრძნეს, – ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა, ეკატერინე სხილაძემ პირველი არხის გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” სტუმრობისას განაცხადა.

„მათ მეტი მხარდაჭერის სერვისი სჭირდებათ, რათა სახელმწიფო სერვისებისადმი ნდობა გაიზარდოს”, – განაცხადა სხილაძემ.

ეკატერინე სხილაძის თქმით, ქვეყანაში არ ხდება მონიტორინგი, ოჯახური ძალადობის ფაქტებზე 3000 შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ, შეიცვალა თუ არა ოჯახებში შექმნილი ვითარება. 

„ჩვენ ველოდებით მსხვერპლის ხელმეორე განცხადებას, რომ მოძალადემ ორდერის პირობები დაარღვია. სამწუხაროდ, მსხვერპლს ამდენი ძალა არ ჰყოფნის, რომ პოლიციას განმეორებით მიმართოს. ამიტომ, სახელმწიფოს მონიტორინგის მექანიზმი უნდა ჰქონდეს”, – განაცხადა სხილაძემ.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენის მაჩვენებელი ნამდვილად გაიზარდა, რაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და სამართლდამცველების აქტიურობას უკავშირდება. თუმცა, ამ ფონზე, თანმდევი სერვისების, მათ შორის, მონიტორინგის უფრო მეტი საჭიროება გაჩნდა“- განაცხადა სხილაძემ.

 

ავტორი: მაკა დარსაველიძე