ეკატერინე მიქაბაძე - სექტემბერში მაღალი ეკონომიკური ზრდა მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია  
ეკატერინე მიქაბაძე - სექტემბერში მაღალი ეკონომიკური ზრდა მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია  

მიმდინარე წლის სექტემბრის თვის მაღალი ეკონომიკური ზრდა საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის კიდევ ერთი დადასტურებაა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ,  ეკატერინე მიქაბაძემ 2019 წლის სექტემბერში ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლის შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ამას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სტაბილურმა მაკროეკონომიკურმა გარემომ, ეფექტიანმა რეფორმებმა და სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ზრდამ.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ პერსპექტივებსა და მოლოდინებზე მიანიშნებს ის ფაქტიც, რომ ახლახანს, სარეიტინგო კომპანიამ (S&P) საქართველოს სუვერენული რეიტინგი გააუმჯობესა და ამის მთავარ მიზეზად, საგარეო გამოწვევების მიუხედავად, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება დაასახელა.

„რეიტინგის გაუმჯობესების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა ასევე ქვეყნის ინსტიტუციური სიძლიერე. რეფორმები, რომლებიც დაგეგმილია მიმდინარე და მომდევნო წლებისთვის, ხელს შეუწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ამასთანავე, ეკონომიკურ ზრდას კიდევ უფრო ინკლუზიურს გახდის – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წლის სექტემბერში ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული და  მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: მშენებლობა; ტრანსპორტი; ვაჭრობა; სასტუმროები და რესტორნები; დამამუშავებელი მრეწველობა; ჯანდაცვა. ამასთან, სექტემბერში ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ზრდამ. კაპიტალური ხარჯები გაიზარდა 86 პროცენტით ით და 489.7 მლნ ლარი შეადგინა.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ასევე გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, მათ შორის, 15.2 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ  129.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და მისი მატება ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად აისახება.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში  მაღალი  ეკონომიკური  ზრდა დაფიქსირდა და  წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-სექტემბრის საშუალო ზრდა 5.0 პროცენტს გაუტოლდა, ხოლო 2019 წლის მესამე კვარტლის რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.7 პროცენტით განისაზღვრა.