ეკატერინე მიქაბაძე - საქართველოში ინვესტიციების საერთო დონე მნიშვნელოვნად გაზრდილია
ეკატერინე მიქაბაძე - საქართველოში ინვესტიციების საერთო დონე მნიშვნელოვნად გაზრდილია

საქართველოში ინვესტიციების საერთო დონე გაზრდილია, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.

მინისტრის მოადგილემ კომენტარი გააკეთა საქსტატის მონაცემებზე, რომელთა მიხედვით, უცხოური ინვესტიციები 2018 წელს 35 პროცენტით შემცირდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2018 წელს ქვეყანაში ინვესტიციების საერთო დონე გაზრდილია, თან მნიშვნელოვნად – 20-25 პროცენტით. მნიშვნელოვანია, რომ ეს ზრდა შიდა ინვესტიციების ხარჯზე ხდება. 2018 წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ 1.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მართალია, ეს შემცირებულია წინა წელთან შედარებით, როცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. თუმცა, ჩვენ საქმე გვაქვს გარკვეულ ფაქტორებთან, რომლებიც ერთმანეთს დაემთხვა და არც ერთი მათგანი არ უკავშირდება რაიმე ფუნდამენტური რისკის რეალიზებას. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ყველასათვის ცნობილი მაგისტრალური გაზსადენის პროექტის დასრულებასთან – მოგეხსენებათ, პროექტი ფინალურ ეტაპზე გადავიდა, შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, შემცირდა ინვესტიციები ტრანსპორტის სექტორში. ასევე, გვაქვს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა – არარეზიდენტების მიმართ ქართულმა საწარმოებმა გაისტუმრეს უცხოური ვალდებულებები, რაც ცალსახად პოზიტიური მოვლენაა საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიმართულებით; მეორე – რამდენიმე კომპანიის შემთხვევაში, რეზიდენტი მფლობელის შემოსვლა-დაფიქსირება, რაც ასევე პოზიტიური მოვლენაა, რამდენადაც დადებითად აისახება საბიუჯეტო შემოსავლებზე და მთლიანად მოსახლეობაზე“, – აღნიშნა ეკატერინე ​მიქაბაძემ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 35 პროცენტით შემცირდა. ამასთან, 2018 წლის მეოთხე კვარტალში ინვესტიციების მოცულობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა (197.1 მილიონი დოლარი) 2010 წლის პირველი კვარტლის (176.1 მილიონი დოლარი) შემდეგ.