ეკატერინე მიქაბაძე - მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ეკონომიკაში ნეგატიური მოვლენების გასანეიტრალებლად
ეკატერინე მიქაბაძე - მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ეკონომიკაში ნეგატიური მოვლენების გასანეიტრალებლად

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო საქონლით საგარეო ვაჭრობის დეფიციტის გაუმჯობესებამ. მისი თქმით, დეფიციტი 90 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა, რამაც საგადამხდელო ბალანსის დეფიციტზე პოზიტიური გავლენა მოახდინა.

მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა მომსახურებით ვაჭრობის სტატისტიკაზე. მისი თქმით, ივნისში ტურიზმიდან შემოსავლები 4,5 პროცენტით გაიზარდა, ასევე დადებითი ტენდენცია დაფიქსირდა წმინდა ფულადი გზავნილების მიმართულებით.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ივნისში ეკონომიკის რეალური ზრდა დაფიქსირდა ისეთ სექტორებში, როგორიცაა ოპერაციები უძრავი ქონებით, მშენებლობა, ტრანსპორტი, ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა,სასტუმროები და რესტორნები და სხვ.

„როგორც ექვსი თვის მონაცემები ცხადყოფს, სახეზეა ის ფაქტი, რომ საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება. თუმცა, ივნისის ბოლოს განვითარებული მოვლენები ნეგატიურ ფონს ქმნის და უარყოფით მოლოდინებს იწვევს ეკონომიკაში. შედეგად, მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ნეგატიური მოვლენების გასანეიტრალებლად და ეკონომიკისთვის მიყენებული შესაძლო ზარალის მინიმიზაციისკენ, უარყოფითი მოვლენების დაძლევისკენ. მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკა, სისტემური და სტრუქტურული რეფორმები ხელს უწყობს ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებას საგარეო და საშინაო რყევების მიმართ“, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ივნისში საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტი, იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა კი 4.9 პროცენტი იყო.